ახალი ამბები

ვაშაძე სომხეთს სტუმრობდა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა გრიგოლ ვაშაძემ, რომელიც 7 ნოემბერს ერევანს სტუმრობდა, უარყო, რომ სომხეთის პრეზიდენტმა საქართველოში ვიზიტი გააუქმა.

„გაკვირვებული ვარ, საიდან მოდის ასეთი ინფორმაცია“, – იტყობინება რადიო „თავისუფლების“ სომხური ბიურო ვაშაძის სიტყვებზე დაყრდნობით, რომელმაც ეს განცხადება ორშაბათს ერევანში თავის სომეხ კოლეგასთან ედვარდ ნალბანდიანთან შეხვედრის შემდეგ გააკეთა.

„მე აქ იმიტომ ვარ, რომ სომხეთის პრეზიდენტის [საქართველოში] ვიზიტი მოვამზადო“, – განაცხადა მან და დასძინა, რომ მომავალი ვიზიტის თარიღები მოგვიანებით გამოცხადდება.

7 ნოემბერს პრეზიდენტ სარგსიანსა და ვაშაძეს შორის გამართული შეხვედრის შემდეგ, სომხეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ შეხვედრაზე ასევე განიხილეს სერჟ სარგსიანის მომავალი ვიზიტი საქართველოში.

18 ოქტომბერს, საქართველოს პრეზიდენტის პრესსპიკერმა მანანა მანჯგალაძემ  განაცხადა, რომ სომხეთის პრეზიდენტი საქართველოში ვიზიტს ნოემბრის დასაწყისში გეგმავდა.

თუმცა 21 ოქტომბერს სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა უარყო, რომ პრეზიდენტი სარგსიანი საქართველოში ნოებრის დასაწყისში აპირებდა სტუმრობას, რამაც უბიძგა სომხურ პრესას ევარაუდა, რომ სერჟ სარგსიანმა პრეზიდენტ სააკაშვილის მიერ 19 ოქტომბერს გაკეთებული განცხადების გამო გააუქმა ან გადადო ვიზიტი. სააკაშვილმა განაცხადა მაშინ საქართველოს სახელმწიფო მოხელეებთან შეხვედრაზე, რომ ეფექტური სახელმწიფო აპარატის წყალობით საქართველო ბევრად უფრო სწრაფად შეძლებდა მეწყერის შედეგების აღმოფხვრას, ვიდრე ეს სომხეთმა მოახერხა. სომხეთის ტავუშის პროვინციაში ჩამოწოლილი მეწყერის შედეგად რამდენიმე ადამიანი, მათ შორის ორი საქართველოს მოქალაქე დაიღუპა და სომხეთსა და საქართველოს შორის მიმოსვლა შეწყდა.

სომხეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციამ ასევე განაცხადა სარგსიანსა და ვაშაძეს შორის გამართული შეხვედრის შემდეგ, რომ მეგობრული ორმხრივი ურთიერთობები ვითარდება თანამშრომლობის სულისკვეთებით და რომ ორ ქვეყანას შორის მაღალი დონის დიალოგი შესაძლებელს ხდის სწრაფად მოგვარდეს ორმხრივი ურთიერთობების ყველა საკითხი. 

 

 

მსგავსი/Related

Back to top button