ახალი ამბები

გაბაშვილი: პრეზიდენტის განცხადება პარლამენტის ქუთაისში გადასვლაზე ვადამდელ არჩევნებს არ უკავშირდება

დეპუტატმა მმართველი პარტიიდან გოკა გაბაშვილმა განაცხადა, რომ პრეზიდენტის განცხადება მომდევნო წლის 26 მაისიდან პარლამენტის ქუთაისში სამუშაოდ გადასვლის შესახებ „არანაირ ვადამდელ არჩევნებს არ უკავშირდება“. 

„საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება ისე, როგორც დაგეგმილია – მომავალი წლის შემოდგომაზე", – განუცხადა მან Civil.ge-ს.

პრეზიდენტმა სააკაშვილმა 7 ნოემბერს საპარლამენტო უმრავლესობასთან შეხვედრაზე, ადრინდელის მსგავსად, ახლაც განაცხადა, რომ პარლამენტი პირველ სხდომას ქუთაისში მომავალი წლის 26 მაისს გამართავს, თუმცა ამჯერად, მან ხაზი გაუსვა, რომ ეს იქნება „არა მხოლოდ ერთი სხდომა, პარლამენტი მზად იქნება, რომ სხდომები ატაროს ქუთაისში“.

26 მაისი წინ უსწრებს 2012 წლის ოქტომბერს, როცა კონსტიტუციის თანახმად, პარლამენტის მორიგი არჩევნები უწევს.

ივლისში კონსტიტუციაში მიღებული ცვლილებების თანახმად, პარლამენტი დედაქალაქიდან ქუთაისში სამუშაოდ უნდა გადავიდეს „საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ მომდევნო საერთო საპარლამენტო არჩევნების შედეგების შემაჯამებელი ოქმის გამოქვეყნების დღიდან“. 

გოკა გაბაშვილის თქმით, კონსტიტუციაში რაიმე ცვლილების შეტანა ამ დებულების ამოქმედების ვადებთან დაკავშირებით, ისევე როგორც ვადამდელი არჩევნების ჩატარება არ იგეგმება.

“თუ 26 მაისისთვის პარლამენტის შენობის მშენებლობა ქუთაისში დასრულება და ამისთვის მზად ვიქნებით, მაშინ უნდა გადაიდგას ნაბიჯი. გამოინახება ფორმა, თუ როგორ ჩატარდეს პარლამენტის სხდომა ქუთაისში, შესაძლოა ეს იყოს, ერთჯერადი ან საპრეზენტაციო ფორმა“, – განაცხადა გაბაშვილმა და ხაზი გაუსვა, რომ პრეზიდენტის დღევანდელი განცხადება „არანაირ კავშირში არ არის ვადამდელ არჩევნებთან“.

Back to top button