
სააკაშვილი: პარლამენტი 2012 წლის მაისიდან ქუთაისში გადავა
პრეზიდენტმა სააკაშვილმა განაცხადა 7 ნოემბერს, რომ პარლამენტი 2012 წლის 26 მაისიდან ქუთაისში გადავა, სადაც ამჟამად საკანონმდებლო ორგანოს ახალი შენობა შენდება.
„26 მაისს, ჩვენ შევთანხმდით ყველანი ერთად,რომ პარლამენტის პირველი სხდომა ჩატარდება ქუთაისში. 26 მაისიდან გადავა ქუთაისში, არამხოლოდ ერთი სხდომა, პარლამენტი მზად იქნება, რომ სხდომები ატაროს ქუთაისში“, – განაცხადა მან მმართველი პარტიის დეპუტატებთან შეხვედრაზე.
პრეზიდენტმა სააკაშვილმა პირველი განცხადება იმის თაობაზე, რომ პარლამენტი პირველ სხდომას ქუთაისში 26 მაისს გამართავს, 4 ოქტომბერს გააკეთა, რასაც შესაძლო ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების შესახებ სპეკულაციები მოყვა. თუმცა, იმ დროს მმართველი პარტიის დეპუტატებმა უარყვეს ამგვარი ვარაუდები და განაცხადეს, რომ პრეზიდენტი მხოლოდ ერთ „სიმბოლურ“ სხდომას გულისხმობდა 26 მაისს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად.
დღეს გაკეთებული განცხადებით სააკაშვილმა ნათლად აღნიშნა, რომ პარლამენტი მომავალი წლის მაისიდან გადავა ქუთაისში.
პარლამენტის მიერ 1 ივლისს მიღებული საკონსტიტუციო ცვლილების თანახმად, პარლამენტი დედაქალაქიდან ქუთაისში მომდევნო საკანონმდებლო ორგანოს არჩევის შემდეგ გადავა. კონსტიტუციის თანახმად, მომდევნო საპარლამენტო არჩევნები 2012 წლის ოქტომბერშია დაგეგმილი.