ახალი ამბები

ივანიშვილის ადვოკატი მოქალაქეობის შეწყვეტის საკითხის შესწავლას სახალხო დამცველს სთხოვს

ბიძინა ივანიშვილის ადვოკატი სახალხო დამცველს გიორგი ტუღუშს თხოვნით მიმართავს, რათა „მოკლე დროში“ შეისწავლოს ივანიშვილისა და მისი მეუღლისათვის საქართველოს მოქალაქეობის ჩამორთმევის საკითხი და შეაფასოს ეს ფაქტი.

„ბიძინა ივანიშვილის პირადი ადვოკატი მზადაა, გიორგი ტუღუშს მიაწოდოს ყველა დოკუმენტაცია, რაც სახალხო დამცველს ბიძინა ივანიშვილისთვის და მისი მეუღლისთვის მოქალაქეობის ჩამორთმევის საკითხის უმოკლეს ვადებში შესწავლასა და მის დროულ რეაგირებაში დაეხმარება“, – იტყობინება ივანიშვილის პრესსამდივნო 4 ნოემბერს.

ეკა ბესელია ამ თხოვნით გიორგი ტუღუშს, რომელსაც ამ თემაზე თავისი პოზიცია ჯერ არ გამოუთქვამს, „საკითხის მნიშვნელობიდან გამომდინარე“ მიმართავს.

ამ დღეებში საზოგადოებრივმა ჯგუფებმა, მათ შორის სოციალური ქსელების გამოყენებით, წამოიწყეს სოლიდარობის კამპანია, რომლის ფარგლებშიც ბიძინა ივანიშვილისთვის საქართველოს მოქალაქეობის აღდგენის მოთხოვნით ხელმოწერები გროვდება.

იმავდროულად, ივანიშვილის მშობლიურ სოფელ ჭორვილას მაცხოვრებლებმა წერილით მიმართეს პრეზიდენტ სააკაშვილს, რათა მან მოქალაქეობა აღუდგინოს ბიძინა ივანიშვილს.

ივანიშვილის პრესსამსახურის წარმომადგენელმა, ნონა ყანდიაშვილმა Civil.ge-ს განუცხადა 4 ნოემბერს, რომ თავად ბიძინა ივანიშვილს ამ საზოგადოებრივ ინიციატივებთან არანაირი კავშირი არ აქვს.

ბიძინა ივანიშვილს პრეზიდენტის 11 ოქტომბრის ბრძანებულებით საქართველოს მოქალაქეობა მას შემდეგ შეუწყდა, რაც მილიარდერმა ბიზნესმენმა 7 ოქტომბერს გაავრცელა პირველი განცხადება პოლიტიკაში მოსვლის გეგმებთან დაკავშირებით, სადაც ასევე ამბობდა, რომ „უახლოეს დღეებში“ აპირებდა რუსეთისა და საფრანგეთის პასპორტების ჩაბარებას. 

მოქალაქეობის შეწყვეტის მოტივად ხელისუფლებამ დაასახელა ის ფაქტი, რომ ივანიშვილს საფრანგეთის მოქალაქეობა ჰქონდა მიღებული მას შემდეგ, რაც პრეზიდენტმა სააკაშვილმა 2004 წლის ივნისის განკარგულებით მას საქართველოს მოქალაქეობა "სახელმწიფოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე" მიანიჭა. ქართული კანონმდებლობით, სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მიღება საქართველოს მოქალაქეობის დაკარგვას იწვევს. 

ივანიშვილის ადვოკატებმა პრეზიდენტის 11 ოქტომბრის ბრძანებულების ბათილად ცნობით მოთხოვნით 21 ოქტომბერს სარჩელი სასამართლოში  შეიტანეს. საკითხზე არსებითი განხილვის დაწყებამდე, სასამართლომ არ დააკმაყოფილა ივანიშვილის ადვოკატების შუამდგომლობა პრეზიდენტის იმ ბრძანებულებების მოქმედების დროებით შეჩერებაზე, რომლითაც ივანიშვილის და მის მეუღლეს საქართველოს მოქალაქეობა შეუწყდათ.

Back to top button