ახალი ამბები

ნატოს გენერალური მდივანი საქართველოში დაგეგმილ ვიზიტზე საუბრობს

ნატოში გადაწყვეტილების მიმღები ორგანოს, ჩრდილო ატლანტიკური საბჭოს ვიზიტი საქართველოში მომავალ კვირას „ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენაა, რომელიც ხაზს უსვამს ძალიან გამორჩეულ პარტნიორობას საქართველოსა და ნატოს შორის“, განაცხადა ნატოს გენერალურმა მდივანმა ანდერს ფოგ რასმუსენმა 3 ნოემბერს.

ბრიუსელში პრესკონფერენციაზე საუბრისას მან განაცხადა, რომ სამი წლის წინ ჩრდილო ატლანტიკური საბჭოს საქართველოში პირველი ვიზიტის შემდეგ, ნატო–საქართველოს ურთიერთობებში, ასევე „საქართველოს თავდაცვის სფეროში განხორციელებულ რეფორმებში და ზოგადად ქართულ საზოგადოებაში მნიშვნელოვანი პროგრესი” მოხდა.

„ჩვენი ვიზიტის მიზანი იქნება განვიხილოთ საქართველოს პოლიტიკურ ლიდერებთან ის, თუ როგორ შეგვიძლია მივაღწიოთ შემდგომ პროგრესს, როდესაც საქმე ეხება რეფორმებს, ასევე შემდგომ პროგრესს საქართველოს და ნატოს შორის ურთიერთობაში“, – განაცხადა რასმუსენმა.

მან კიდევ ერთხელ გამოხატა ნატოს მადლიერება ავღანეთის ოპერაციაში საქართველოს მნიშვნელოვანი წვლილის გამო.

„საქართველო მიეკუთვნება ავღანეთის ოპერაციაში ყველაზე დიდი წვლილის შემტან სახელმწიფოთა რიგს და ეს არის დასტური საქართველოს ძალიან ძლიერი ერთგულებისა ჩვენი ალიანსის მიმართ“, – დასძინა მან.

ნატოს გენერალური მდივანი და ჩრდილო ატლანტიკური საბჭო, რომელიც წევრი სახელმწიფოების ელჩებს აერთიანებს, თბილისს და ბათუმს 9–10 ნოემბერს ეწვევიან.

9 ნოემბერს გენერალური მდივანი თბილისში ნატო–საქართველოს კომისიის სხდომას უხელმძღვანელებს, რომელშიც ასევე მიიღებს მონაწილეობას საქართველოს პრემიერ–მინისტრი ნიკა გილაური.

გენერალური მდივანი და ნატოს ელჩები 10 ნოემბერს თბილისში პარლამენტის თავმჯდომარეს დავით ბაქრაძეს, ქართველი დეპუტატების ჯგუფს და საგარეო საქმეთა მინისტრს გრიგოლ ვაშაძეს შეხვდებიან. თბილისში ნატოს წარმომადგენლები ასევე შეხვდებიან ოპოზიციის, მედიის და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს.

10 ნოემბერს ბათუმში ნატოს გენერალური მდივანი და ელჩები პრეზიდენტ სააკაშვილთან გამართავენ მოლაპარაკებებს. ასევე დაგეგმილია ნატოს გენერალური მდივნის ცალკე, პირისპირ შეხვდრები პრეზიდენტ სააკაშვილთან, პარლამენტის თავმჯდომარესთან და პრემიერ–მინისტრთან. რასმუსენი სიტყვით გამოვა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში და შეხვედრას გამართავს იმ ქართველ სამხედროებთან, რომელთაც ავღანეთში იმსახურეს.

Back to top button