ახალი ამბები

დავით საგანელიძე ახალი მემარჯვენეების ხელმძღვანელობას გამოეთიშა

ახალი მემარჯვენეების წევრმა თბილისის საკრებულოში, დავით საგანელიძემ განაცხადა, რომ პარტიის გენერალური მდივნის თანამდებობა და მთავარი კომიტეტის შემადგენლობა დატოვა ახალი მემარჯვენეების ხელმძღვანელობასთან „რადიკალურად განსხვავებული პოზიციების“ გამო.

თუმცა საგანელიძემ განაცხადა, რომ ის რჩება ახალ მემარჯვენეებში, რომლის წევრიც არის 10 წლის განმავლობაში – პარტიის დაარსების დღიდან.

ჟურნალისტის კითხვაზე, უკავშირდება თუ არა მისი ეს გადაწყვეტილება პოლიტიკაში ბიძინა ივანიშვილის გამოჩენას, დავით საგანელიძემ კონკრეტულ პასუხს თავი აარიდა და განაცხადა, რომ ეს პარტიის „შიდა სამზარეულოა“.

ახალი მემარჯვენეები ბიძინა ივანიშვილმა 12 ოქტომბერს გავრცელებულ განცხადებაში იმ „ფსევდო–ოპოზიციურ“ პარტიებს შორის დაასახელა, რომლებთანაც მან თანამშრომლობა გამორიცხა, რადგან ისინი „ხელისუფლებასთან ფარულ გარიგებასა და კავშირში არიან და მისი ინსტრუქციებით და მითითებებით მოქმედებენ“.

თუმცა იმავე განცხადებაში ივანიშვილმა ხაზი გაუსვა, რომ ის უარს ამბობს „ფსევდოოპოზიციური“ პარტიების ლიდერებთან თანამშრომლობაზე, მაგრამ არა „ამ პარტიების ცალკეულ კეთილსინდისიერ წევრებთან“.

ახალი მემარჯვენეების ლიდერმა დავით გამყრელიძემ ამ განცხადების საპასუხოდ განაცხადა, რომ არც მის პარტიას აქვს სურვილი ითანამშრომლოს ივანიშვილთან, რომლის პოლიტიკური სტარტიც, გამყრელიძის შეფასებით, „საკმაოდ სუსტი და წარუმატებელი იყო“ და კონსოლიდაციის ნაცვლად, საზოგადოებაში „ძალიან სერიოზული დაპირისპირების მუხტი შემოიტანა“. 

ახალმა მემარჯვენეებმა მას შემდეგ, რაც ისინი საარჩევნო რეფორმის საკითხებზე რამოდენიმე სხვა ოპოზიციურ პარტიასთან ერთად ხელისუფლებას შეუთანხმდნენ, ოქტომბრის დასაწყისში პარტიის რებრენდინგი განახორციელეს და პარტიული საქმიანობა გაააქტიურეს, მათ შორის რეგიონებში.

"მემარჯვენეების" ერთ–ერთმა ლიდერმა ფიქრია ჩიხრაძემ ცოტა ხნის წინ განაცხადა, რომ ივანიშვილის ფაქტორის გამო პარტიას დასახულ სტრატეგიაში გარკვეული კორექტივების შეტანა მოუხდებოდა.

ივანიშვილის პირველი პრესკონფერენციის შემდეგ, სადაც მილიარდერმა ქველმოქმედმა აღნიშნა, რომ აპირებს ითანამშრომლოს "ყველა ოპოზიციურ პარტიასთან", ფიქრია ჩიხრაძემ თავის კომენტარში განაცხადა: "ადრე თუ გვიან, სხვადასხვა ეტაპზე თანამშრომლობა მოგვიწევს ყველა ძალასთან, ეს იქნება პარლამენტში თუ პარლამენტამდე, თუმცა გაერთიანებას, ჩვენ თავიდანვე განვაცხადეთ, რომ არავისთან არ ვაპირებთ".  

იმავდროულად, ცოტა ხნის წინ ლეიბორისტული პარტიის რიგები დატოვა ასევე ნესტან კირთაძემ და მან ამის მიზეზად, ბიძინა ივანიშვილის მიმართ პარტიაში არსებული უარყოფითი პოზიცია დაასახელა. ივანიშვილმა ლეიბორისტებიც „ფსევდო–ოპოზიციური“ პარტიების ჩამონათვალში მოიხსენია.

Back to top button