ახალი ამბები

რუსეთის სამხედრო დაზვერვის უფროსი საქართველოს შესახებ

რუსეთის სამხედრო დაზვერვის უფროსმა ალექსანდრე შლიახტუროვმა განაცხადა, რომ რუსეთი "დაუყონებლივ" გასცემს პასუხს საქართველოს მხრიდან ახალი სამხედრო პროვოკაციის შემთხვევაში.

„დაზვერვის შესაძლებლობების გამოყენებით, ჩვენ ვაკონტროლებთ სიტუაციას იმ რეგიონებში, საიდანაც ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ შეიძლება ახალი თავდასხმა განხორციელდეს ან რუსეთის წინააღმდეგ სამხედრო ქმედება იქნას ორგანიზებული“, – განაცხადა მან რუსულ გაზეთ „როსიისკაია გაზეტა“-სთან ინტერვიუში, რომელიც 2 ნოემბერს გამოქვეყნდა.

კითხვაზე იყო, თუ არა საქართველო ამ რეგიონებს შორის, ალექსანდრე შლიახტუროვმა უპასუხა: „კარგადაა ცნობილი, რომ რუსეთის სპეცსამსახურები ძალიან არ უყვართ საქართველოში. მათ ადანაშაულებენ სუვერენული სახელმწიფოს წინააღმდეგ დივერსიული აქტების მოწყობაში. შემიძლია პასუხისმგებლობით განვაცხადო, რომ ეს აბსოლუტურად არ შეესაბამება სინამდვილეს“.

„მაგრამ თბილისში უნდა იცოდნენ, რომ რუსეთის და რეგიონში მისი მოკავშირეების წინააღმდეგ ახალი სამხედრო პროვოკაციის მომზადების შემთხვევაში, „გრუ“  დროულად აცნობებს ამის თაობაზე ქვეყნის [რუსეთის] სამხედრო–პოლიტიკურ ხელმძღვანელობას. პასუხი დაუყონებლივ იქნება“, – განაცხადა შლიახტუროვმა.

Back to top button