ახალი ამბები

ალასანიას პარტიის ორ წევრს თბილისის საკრებულოში მმართველმა პარტიამ თანამდებობები დაატოვებინა

თბილისის საკრებულომ დღევანდელ სხდომაზე თანამდებობებიდან ერთხმად გადააყენა ირაკლი ალასანიას „თავისუფალი დემოკრატების“ წევრები – საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ზურაბ აბაშიძე და ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე ვიქტორ დოლიძე, რომლებმაც ეს ქმედება შეაფასეს, როგორც „პოლიტიკური დევნა“.

მმართველმა პარტიამ ამ გადაწყვეტილების მოტივად დაასახელა ის, რომ აბაშიძემ და დოლიძემ თავი ვერ გაართვეს თავიანთ საქმიანობას.

ძირითადი სხდომის დაწყებამდე საკითხზე მსჯელობა საკრებულოს ბიურომ გამართა – ორივე ეს სხდომა საკრებულოს ყველა ოპოზიციონერმა წევრმა კოლეგებისადმი სოლიდარობის და  პროტესტის ნიშნად დატოვეს.

მათ შორის იყო ახალი მემარჯვენეების წევრი საკრებულოში დავით საგანელიძე, რომელმაც განაცხადა, რომ ბიუროს სხდომის დატოვებამდე მმართველი პარტიის დეპუტატი სოსო ეგუტია „თავისუფალი დემოკრატებიდან“ ოპონენტების მიმართ „დედის გინებაზე“ გადავიდა „იმიტომ რომ შეშინებულია თავისი პოლიტიკური მომავლის შესახებ“.

ალასანიას პარტიის წევრის – პარტიის, რომელიც ბიძინა ივანიშვილთან პოლიტიკურ თანამშრომლობას გეგმავს – ზურაბ აბაშიძის განცხადებით, დღევანდელი დღე „ეს არის ამ ხელისუფლების დასასრულის დასაწყისი“.
 
“ჩვენ მოვითხოვეთ არგუმენტები რატომ გვატოვებინებენ თანამდებობებს. არგუმენტები არანაირი არ არსებობს – ‘ჩვენ გაკვირდებოდით ერთი წლის განმავლობაში და თურმე არ ემსახურებოდით ხალხის ინტერესებს’– ეს არის მათი გაუგებარი არგუმენტი და პირდაპირ გეტყვით ეს არის ბოლშევიკური წყობა,  კომუნისტური წყობილების დაბრუნება ხდება საქართველოში სააკაშვილის ხელისუფლების პირობებში… მონები ესენი, ეს არის ბოლშევიზმი, ეს არის პოლიტიკური დევნა ჩემი და ვიქტორ დოლიძის“, – განუცხადა ჟურნალისტებს აღელვებულმა ზურაბ აბაშიძემ.

“მიხეილ სააკაშვილის ბოლშევიკური პოლიტიკის გაგრძელება დღეს ქვეყანაში არის ძალიან სახიფათო, ძალიან ცუდი და მე გპირდებით თქვენ – ერთ წელიწადში ეს დასრულდება, წითელი დროშა – მე და ზურა ავალთ საკრებულოს თავზე – რომელიც მათ აწიეს დღეს და ჩვენ ჩამოვხსნით“, – განაცხადა ემოციურად ვიქტორ დოლიძემ, რომელსაც ბიუროს სხდომა ახალი დატოვებული ჰქონდა

ქრისტიან–დემოკრატების წარმომადგენელმა ჯაბა სამუშიამ მომხდარს „ანგარიშსწორება“ უწოდა. „21–ე საუკუნეში ასე თავის პოლიტიკურ ოპონენტებს არ უნდა უსწორდებოდეს მმართველი პარტია“, – აღნიშნა მან.

საკრებულოში ნაციონალური მოძრაობის ფრაქციის თავმჯდომარემ ნიკო ხაჩირაშვილმა განაცხადა, რომ ზურაბ აბაშიძეთან და ვიქტორ დოლიძესთან „თანამშრომლობა ვერ შედგა“, რადგან ისინი თბილისში პრობლემების მოგვარებას ნაცვლად, „ბუნდოვანი მიზნების“ განხორციელებას ეწეოდნენ, „რომლებიც ჩვენთვის იყო აბსოლუტურად მიუღებელი“.

“აქ არ ხდება მოხსნა ამ ადამიანების, აქ ხდება გადარჩევა შესაბამისად იმიტომ, რომ ჩვენი არჩეული იქნა ეს ადამიანები“, – განუცხადა ხაჩირაშვილმა ჟურნალისტებს, „ვერ გაართვეს თავი შესაბამისად იმ საქმიანობას, რომელიც მათ ცალ–ცალკე ევალებოდათ, არაფერი პირადული. იმედს გამოვთქვამთ, რომ შემდგომში ჩვენი საქმიანობა ჩვეულებრივად, კოლეგიალობის ფარგლებში იქნება უფრო კონსტრუქციული“.  

Back to top button