Placeholder canvas
ახალი ამბები

ვაშაძე ილჰამ ალიევს შეხვდა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა გრიგოლ ვაშაძემ მაღალი დონის შეხვედრები გამართა აზერბაიჯანის პრეზიდენტთან ილჰამ ალიევთან, პრემიერ–მინისტრთან არტურ რასიზადესთან და თავის კოლეგასთან, ელმარ მამედიაროვთან 26 ოქტომბერს, ბაქოში ვიზიტის ფარგლებში.

აზერბაიჯანის პრეზიდენტის პრესსამსახურის ცნობით, გრიგოლ ვაშაძემ აზერბაიჯანულ მხარეს გაეროს უშიშროების საბჭოს არამუდმივ წევრად არჩევა მიულოცა და ამ ფაქტს „აზერბაიჯანის დიპლომატიის წარმატება“ უწოდა. ილჰამ ალიევმა თავის მხრივ მადლობა გადაუხადა საქართველოს მთავრობას ამ საკითხში მხარდაჭერისთვის და ხაზი გაუსვა აზერბაიჯანის არამუდმივ წევრად არჩევის მნიშვნელობას, როგორც მისი „საერთაშორისო ძალაუფლების ზრდის გამოხატულებას“.

„მხარეებმა კმაყოფილებით აღნიშნეს აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის ორმხრივი ურთიერთობების განვითარება სხვადასხვა მიმართულებებით, მათ შორის ენერგეტიკაში და გაცვალეს მოსაზრებები თანამშრომლობის მომავალ პერსპეტივებზე“, – იტყობინება აზერბაიჯანის პრეზიდენტის პრესსამსახური.

გრიგოლ ვაშაძის განცხადებით, მან აზერბაიჯანულ მხარესთან ახალი  ერთობლივი პროექტების წამოწყების შესაძლებლობები განიხილა.

საქართველოს საგარეო უწყების ცნობით, ვიზიტის ფარგლებში ორი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრებმა  ხელი მოაწერეს შეთანხმებას საქართველოს მთავრობასა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის  მთავრობას შორის საიდუმლო ინფორმაციის ორმხრივად დაცვის შესახებ.

აზერბაიჯანის საგარეო უწყება იტყობინება, რომ საზღვრის დემარკაციის თემა იყო ასევე იმ საკითხებს შორის, რომლებზეც მინისტრებმა შეხვედრისას ყურადღება გაამახვილეს.

მსგავსი/Related

Back to top button