
„იორდანიის სამეფო ავიახაზები“ საქართველოში ავიარეისების დაწყებას გეგმავს
„იორდანიის სამეფო ავიახაზები“ 2012 წლის აპრილიდან საქართველოში რეგულარული ავიარეისების დაწყებას გეგმავს, იტყობინება საქართველოს ეკონომიკის სამინისტრო.
ამავე ცნობით, ეს საკითხი მინისტრის მოადგილემ გიორგი კარბელაშვილმა იორდანიის ჰაშემიტური სამეფოს ტრანსპორტის მინისტრთან, მოჰამად ქუდასთან იორდანიაში გამართულ შეხვედრაზე განიხილა.
„შეხვედრაზე მხარეებმა დადებითად შეაფასეს ორ ქვეყანას შორის რეგულარული საჰაერო მიმოსვლის დაწყების მნიშვნელობა, რაც ხელს შეუწყობს ორმხრივი ეკონომიკური და საქმიანი კონტაქტების გააქტიურებას“,– აცხადებს ეკონომიკის სამინისტროს პრესსამსახური და იქვე აღნიშნავს, რომ დელეგაცია ყატარში, ბაჰრეინსა და ქუვეითში განაგრძობს ვიზიტს.
ნოემბრიდან საქართველოში ფრენების დაწყებას დუბაის დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია flydubai, ხოლო 2012 წლის თებერვლიდან Qatar Airways-ი გეგმავს.