ახალი ამბები

სოფლის მეურნეობის მინისტრი შეიცვალა

სოფლის მეურნეობის ახალ მინისტრად ზაზა გოროზია, სამეგრელო ზემო სვანეთში პრეზიდენტის რწმუნებული დაინიშნა და ამ თანამდებობაზე ბაკურ კვეზერელი შეცვალა.

საკადრო ცვლილების შესახებ, რომლის შესახებ პრესა ბოლო პერიოდში წერდა, პრემიერ–მინისტრმა ნიკა გილაურმა 20 ოქტომბერს გამართულ ბრიფინგზე გამოაცხადა.

პრემიერ–მინისტრის თქმით, ბაკურ კვეზერელმა სოფლის მეურნეობის სამინისტროში ექვსი წლის განმავლობაში მუშაობისას, მათ შორის 2008 წლის აპრილიდან მინისტრის რანგში, „ბევრი კარგი რამ გააკეთა“.

გილაურმა მისი გადაყენების მოტივი არ დაასახელა, თუმცა აღნიშნა, რომ კვეზერელი „რჩება ჩვენი გუნდის წევრად“ და თუ რა კონკრეტულ თანამდებობაზე გააგრძელებს ის მუშაობას, განცხადება ამის შესახებ მომდევნო ორ კვირაში გაკეთდება. მარტში მმართველი პარტიის დეპუტატებმა კვეზერელის იმპიჩმენტის დაწყების საკითხი ჩააგდეს.

გილაურის განცხადებით, სოფლის მეურნეობის სისტემაში, რაც მისი თქმით, „პრიორიტეტული დარგია“, ზაზა გოროზიას სახით „ახალი ხედვა, ახალი ენერგია“ მოდის.

“მომავალი წლის ბიუჯეტის ფორმირება ახალ მინისტრთან ერთად უნდა შესრულდეს“, – განაცხადა გილაურმა.

2012 წლის ბიუჯეტის პროექტში სოფლის მეურნეობის სამინისტრო ის იშვიათი გამონაკლისია, რომელსაც დაფინანსება წლევანდელთან შედარებით, დაახლოებით, 10 მლნ ლარით უმცირდება და 69.8 მლნ ლარს შეადგენს.

ზაზა გოროზია 2010 წლის არჩევნებთან დაკავშირებით ეუთოს სადამკვირვებლო მისიის ანგარიშში მოხვდა ადგილობრივი ხელისუფლების კიდევ რამოდენიმე წარმომადგენელთან და სამართალდამცავთან ერთად მესტიის საკრებულოს ოპოზიციონერ კანდიდატებზე ზეწოლის ბრალდებებთან დაკავშირებით. მას ამ ინციდენტის გამო ცოტა ხნით შვებულებაში გასვლაც მოუწია, თუმცა ცოტა ხანში კვლავ დაუბრუნდა თავისი მოვალეობების შესრულებას.

სოფლის მეურნეობის ახალი მინისტრი სამეგრელო–ზემო სვანეთში პრეზიდენტის რწმუნებულად  ბოლო ექვსი წლის განმავლობაში მუშაობდა; 2005 წლამდე მას თბილისის მერიის ჯანდაცვის სამსახურის უფროსის თანამდებობა ეკავა, ხოლო უფრო ადრე ნაციონალური მოძრაობის მიერ წარდგენილი წევრი იყო ცესკოში.

გავრცელებული ინფორმაციით, გუბერნატორის თანამდებობაზე გოროზიას, სავარაუდოდ, სენაკის მაჟორიტარი დეპუტატი მმართველი პარტიიდან გურამ მისაბიშვილი შეცვლის.

Back to top button