ახალი ამბები

ვაშაძე: საქართველოს გეგმებში არ შედის რუსეთის ეგიდით შექმნილ ორგანიზაციებთან მიერთება

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა გრიგოლ ვაშაძემ 19 ოქტომბერს განაცხადა, რომ საქართველოს გეგმებში არ შედის რუსეთის ეგიდით შექმნილ რაიმე ორგანიზაციებში გაწევრიანება.

“ყველა სუვერენულ ქვეყანას აქვს უფლება შექმნას ეკონომიკური ან პოლიტიკური ორგანიზაცია, ეკონომიკური ან პოლიტიკური კავშირი. რაც შეეხება ე.წ. ერთიან საბაჟო სივრცეს ან ევრაზიულ კავშირს ან რაიმე სხვა ორგანიზაციას, რომელიც რუსეთის ფედერაციის ეგიდით არის შექმნილი, საქართველოს არავითარი სურვილი და არავითარი გეგმა არ აქვს ამ ორგანიზაციებთან მიერთების“, – განაცხადა ვაშაძემ.

მან ეს განცხადება დსთ–ს ფარგლებში 18 ოქტომბერს ხელმოწერილი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების კომენტირებისას გააკეთა თავის ესტონელ კოლეგასთან ურმას პაეტთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე.

შეთანხმებას, რომელზეც რუსეთის პრემიერ–მინისტრმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციის ნორმებს არ ეწინააღმდეგება, ხელი მოაწერა დსთ–ს წევრმა ყველა ქვეყანამ, აზერბაიჯანის, უზბეკეთის და თურქმენეთის გარდა. საქართველომ დსთ–ის რიგები 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ დატოვა.

 

მსგავსი/Related

Back to top button