
ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი საქართველოს სტუმრობს
ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ურმას პაეტმა თავისი ორდღიანი ვიზიტი საქართველოში 18 ოქტომბერს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანთან გიგა ბოკერიასთან შეხვედრით დაიწყო.
პაეტმა „საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარება“ განიხილა და კიდევ ერთხელ გამოხატა თავისი ქვეყნის მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მიმართ, განაცხადა ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ პრეს–რელიზში.
ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ხაზი გაუსვა საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მნიშვნელობას და ევროკავშირის დამკვირვებლების სეპარატისტულ რეგიონებში შეშვების საჭიროებაზე ისაუბრა.
ვიზიტის დროს ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ასევე შეხვდება თავის ქართველ კოლეგას, გრიგოლ ვაშაძეს და პრეზიდენტ სააკაშვილს.
ესტონეტის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა ორშაბათს, რომ პაეტი განიხილავს ევროკავშირი–საქართველოს თანამშრომლობას, მათ შორის აღმოსავლეთ პარტნიორობის ინიციატივის ფარგლებში. ვიზიტის დაწყებამდე ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ კიდევ ერთხელ გაიმეორა მისი ქვეყნის მხარდაჭერა საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის მიმართ და განაცხადა, რომ რეფორმებზე ფოკუსირება მნიშვნელოვანი ფაქტორი იქნება საქართველოს ევროპული ინტეგრაციის გზაზე.
„მოვუწოდებთ საქართველოს, განაგრძოს რეფორმების გატარება და თავისი სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერება“, – განაცხადა ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.