
გილაური კანადაში შეხვედრებს მართავს
პრემიერ–მინისტრი ნიკა გილაურმა, რომელიც 16 ოქტომბრიდან კანადას სტუმრობს, თავის კანადელ კოლეგასთან სტეფან ჰარპერთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ ნატოს მომდევნო სამიტზე კანადის მიერ საქართველოს მხარდაჭერა "გარანტირებულია“.
თბილისი იმედოვნებს წინსვლას ალიანსში ინტეგრაციის გზაზე მომდევნო სამიტისგან, რომელიც ჩიკაგოში 20–21 მაისს გაიმართება.
გილაურმა 17 ოქტომბერს კანადის პრემიერ–მინისტრთან შეხვედრის შემდეგ ასევე განაცხადა, რომ ნატოში მხარდაჭერასთან ერთად, განსახილველ საკითხებს შორის იყო კანადასთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების გაფორმების პერსპექტივა.
“ვისაუბრეთ სტრატეგიული ხელშეკრულებაზე საქართველოსა და კანადას შორის, რომელიც მომავალში თავდაცვის სექტორში ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების საფუძველი იქნება“, – იტყობინება მთავრობის პრესსამსახური გილაურის სიტყვებზე დაყრდნობით.
ამავე ცნობით, ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია ნიკა გილაურის შეხვედრები საგარეო საქმეთა მინისტრთან ჯონ ბერდთან, ასევე კანადის პარლამენტის ზედა და ქვედა პალატების სპიკერებთან.