
ანქვაბმა ახალი საგარეო საქმეთა მინისტრი დანიშნა
აფხაზეთის ლიდერმა ალექსანდრე ანქვანმა სეპარატისტული რეგიონის ახალ საგარეო საქმეთა მინისტრად ვიაჩესლავ ჩირიკბა დანიშნა, რომელმაც ამ პოსტზე მაქსიმ ღვინჯია შეცვალა, იტყობინება „აფსნიპრესი“ 11 ოქტომბერს.
ვიაჩესლავ ჩირიკბა აფხაზეთის გარდაცვლილი ლიდერის სერგეი ბაღაფშის მრჩეველი იყო საგარეო პოლიტიკის საკითხებში და ასევე აფხაზური მხარის წარმომადგენელი ჟენევის მოლაპარაკებებზე.
ასევე 11 ოქტომბერს ანქვაბმა მერაბ ქიშმარია ხელახლა დანიშნა თავდაცვის მინისტრის პოსტზე; ამ უკანასკნელს ეს თანამდებობა 2007 წლიდან უკავია. საკუთარი თანამდებობა ასევე შეინარჩუნა მინისტრმა გადასახადების საკითხებში, რაუფ ციმცბამ.
ინაუგურაციიდან მეორე დღეს, აფხაზეთის ახალმა ლიდერმა ალექსანდრე ანქვაბმა 27 სექტემბერს ლეონიდ ლაკერბაია სეპარატისტული რეგიონის პრემიერ–მინისტრად დანიშნა, რომელმაც ამ პოსტზე პრეზიდენტობის კიდევ ერთი კანდიდატი სერგეი შამბა შეცვალა. ამ ნაბიჯს მთავრობის სხვა წევრების გადადგომა მოყვა, თუმცა ისინი კვლავ აგრძელებენ თავიანთი მოვალეობების შესრულებას, სანამ ახალი პრემიერ–მინისტრი მინისტრების კანდიდატებს წარადგენს.