
სახელმწიფო კომპანიათა აქციების ბირჟებზე გასაყიდად საკანონმდებლო ცვლილება დამტკიცებულია
პარლამენტმა 11 ოქტომბერს მესამე და საბოლოო მოსმენით დაამტკიცა საკანონმდებლო ცვლილება, რომელიც მთავრობას შესაძლებლობას მისცემს, რომ სახელმწიფო კომპანიების აქციათა შეუზღუდავი პაკეტები განათავსოს საერთაშორისო ბირჟებზე.
ცვლილება იმგვარად იქნა მიღებული, რომ მასში არ აისახა დებულება, რომელიც მთავრობას აქციათა საკონტროლო პაკეტების გაყიდვის შესაძლებლობას კანონმდებლობით შეუზღუდავდა.
მართალია ხელისუფლება ღიად აცხადებს, რომ საკონტროლო პაკეტების გაყიდვას არ გეგმავს და ასევე არ დაუშვებს, რომ სტრატეგიული ობიექტები „არაკეთილმოსურნეებს“ ჩაუგდოს ხელში, მაგრამ ოპოზიცია, რომელმაც მწვავედ გააკრიტიკა ეს ცვლილებები, ამბობს, რომ მთავრობის ზეპირ დაპირებებს არ ენდობა.
იმ კომპანიებს შორის, რომლის აქციების საერთაშორისო ბირჟებზე განთავსების გზით გაყიდვას მთავრობა გეგმავს, არიან „საქართველოს რკინიგზა“; „საქართველოს ელექტროსისტემა“; ნავთობისა და გაზის კორპორაცია, რომელიც ჩრდილოეთ–სამხრეთის მაგისტრალურ გაზსადენს მართავს და რომლითაც საქართველოს გავლით სომხეთი გაზს რუსეთიდან იღებს; ასევე „თელასი“, რომელშიც სახელმწიფოს წილი 24.53%–ს შეადგენს.
იმავდროულად, დღეს პარლამენტმა მეორე მოსმენით დაუჭირა მხარი ნავთობისა და გაზის შესახებ კანონში ცვლილების მიღებას, რომლის მიხედვითაც, ნავთობისა და გაზის კორპორაციაში სახელმწიფო უნდა ფლობდეს აქციების 50%–ზე მეტს, დღეს დადგენილი 75%–ის ნაცვლად.