
სააკაშვილი: სარკოზის სიტყვა ისტორიულია საქართველოსთვის
პრეზიდენტმა სააკაშვილმა განაცხადა პარასკევს საღამოს, რომ ის, რაც საფრანგეთის პრეზიდენტმა ნიკოლა სარკოზიმ თბილისში ილაპარაკა, „ეჭვგარეშეა, რომ ისტორიულია ჩვენი ქვეყნისთვის“.
ტელეკომპანია „რუსთავი 2“–თან ინტერვიუში, მან განაცხადა, რომ ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის გზაზე საქართველოს ყოველთვის ჰქონდა ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების ძლიერი მხარდაჭერა, მაგრამ ეს ასე არ იყო საფრანგეთის და გერმანიის შემთხვევაში.
„ევროპაში ყველაფერს, ძალიან ბევრ რაღაცას მთავარ საკითხებში წყვეტენ, რა თქმა უნდა, წამყვანი ევროპული სახელმწიფოები, ეს არის გერმანია და საფრანგეთი და იმისათვის, რომ ევროკავშირში აღმოჩნდე, იმისათვის, რომ ნატოში შეხვიდე გჭირდება ერთ–ერთი ამ ორ სახელმწიფოს მხარდაჭერა“, – განაცხადა სააკაშვილმა.
„მინდა ყველას შევახსენო, არ არის სასიამოვნო ფაქტი – 2008 წლის მარტში ბუქარესტში საფრანგეთი იყო ჩვენთვის MAP-ის მოცემის წინააღმდეგი. საფრანგეთი აქამდე წინააღმდეგი იყო ევროკავშირში ჩვენი ინტეგრაციის ხსენების და ევროკავშირში გაწევრიანების ხსენების. დღეს ნიკოლა სარკოზიმ ეს ყველაფერი შემოატრიალა“, – განაცხადა მან.
„გარკვეულწილად საფრანგეთმა დღეს იშვილა საქართველო ევროკავშირში და ნატოში ინტეგრაციის საკითხში და ეს მე ვიცი, ისტორიული გამოცდილებით რუმინეთის მაგალითზე, ბულგარეთის მაგალითზე, ბევრი სხვა ცენტრალური ევროპის ქვეყნების მაგალითზე, თუ საფრანგეთი რამეს მოკიდებს ხელს, რამეს გადაწყვეტს, საფრანგეთს ეს მიყავს ბოლომდე“, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.
მისი თქმით, ევროკავშირის და ნატოს წევრობა იმას ნიშნავს, რომ საქართველოს ვერავინ ვერ გადაყლაპავს.
სააკაშვილმა ასევე ხაზი გაუსვა სარკოზის განცხადებების მნიშვნელობას, როცა მან განაცხადა, რომ საქართველოს რეფორმების გზამ უნდა დაარწმუნოს აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის მოსახლეობა, რომ „მათი მომავალი ქართველ თანამემამულეთა გვერდითაა, ღია ქვეყანაში და არა იზოლირებულ და დამონებულ ფსევდო-სახელმწიფოებში“.
სააკაშვილმა განაცხადა, რომ „ჩამოშლის“ პირას მყოფი რუსეთის კონტროლის ქვეშ ორ სეპარატისტულ რეგიონს მომავალი არ აქვს.
იგი ასევე მიესალმა სარკოზის განცხადებას საქართველოს რეფორმების შესახებ და აღნიშნა, რომ ის, რაც საფრანგეთის პრეზიდენტმა თავის გამოსვლაში წარმოაჩინა, წარმოუდგენლად დადებითი სურათია.
მანამდე თავისუფლების მოედანზე გამოსვლისას პრეზიდენტმა სააკაშვილმა განაცხადა, რომ ვერც ერთი უცხო ძალა, ან „მეხუთე კოლონა“ ვერ შეძლებს გადაიყვანოს საქართველო ევრო–ატლანტიკური ინტეგრაციის გზიდან.
„თქვენი დაუღალავი ძალისხმევით, თავგანწირვის და მოქმედების წყალობით, საქართველო დღეს იმდენად მყარად დგას ევროპული და ტრანს–ატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე, რომ ვერც ერთი უცხოელი ლიდერი, როგორი ძლიერიც არ უნდა გვეჩვენებოდეს, რომელიმე ნებისმიერი ყველაზე გავლენიანი უცხოური ძალის მარიონეტი, ვერც ერთი უცხო ქვეყნის ჯარი, როგორ საშიშადაც არ უნდა გამოიყურებოდეს, ვერც ერთი მეხუთე კოლონა ვერ შეძლებს ამ გზიდან ჩვენს აცდენას“, – განაცხადა მან.
სააკაშვილმა, რომელმაც პრეზიდენტ სარკოზის სიტყვის წარმოთქმამდე მიმართა თავისუფლების მოედანზე შეკრებილ ხალხს, განაცხადა, რომ 1921 წლისგან განსხვავებით, როდესაც ბოლშევიკურმა წითელმა არმიამ დაიპყრო საქართველო და როდესაც საქართველოს არ ჰყავდა მოკავშირეები, რომლებიც დაიცავდნენ მას, სამი წლის წინ, აგვისტოს ომის დროს საქართველოს ჰყავდა მეგობრები, რომლებიც „გვერდზე დაგვიდგნენ და მათ შორის ჩვენი დღევანდელი სტუმარი ნიკოლა სარკოზი გახლავთ“.
„მაშინ ევროპამ მიგვატოვა და დღეს ევროპის უძლიერესი ერი დგას ჩვენთან ერთად, ჩვენი თავისუფლების დასაცავად“, – განაცხადა მან.
მისი თქმით, ვარდების რევოლუციის შემდეგ დაწყებულ „რადიკალურ რეფორმებს“ ერთი მიზანი ჰქონდა – საქართველოს ევროპული ტრანსფორმაცია, „ჩვენი უძველესი ევროპული ერის თანამედროვე დემოკრატიულ ევროპულ სახელმწიფოდ ჩამოყალიბება“.
სააკაშვილმა თავისი გამოსვლა ზურაბ ჟვანიას სიტყვებით დაასრულა: „ჩვენ ვართ ქართველები ყველანი და მაშასადამე ყველანი ევროპელები ვართ“.
თავისუფლების მოედანზე გამოსვლის შემდეგ სააკაშვილმა და სარკოზიმ პრეზიდენტის სასახლეში შეხვედრა გამართეს.
საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, თბილისში ვიზიტისას, საფრანგეთის პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილი საპატიო ლეგიონის ორდენით (Legion d’honneur) დააჯილდოვა. მიხეილ სააკაშვილმა კი საფრანგეთის პრეზიდენტს წმინდა გიორგის სახელობის გამარჯვების ორდენი გადასცა. ნიკოლა სარკოზიმ საქართველოს პრეზიდენტისგან ჯილდო საქართველოს მიმართ გამოხატული „განსაკუთრებული თანადგომის, საქართველოს სახელმწიფოს სუვერენიტეტის დაცვისა და ეროვნული ინტერესების მტკიცე მხარდაჭერისთვის“ მიიღო.