ახალი ამბები

სააკაშვილმა სოციალურ ქსელებზე საკუთარი ანგარიშები გახსნა

პრეზიდენტი სააკაშვილი იმ ქართველ ოფიციალურ პირებს და პოლიტიკოსებს შეუერთდა, რომლებიც აქტიურად არიან ჩართული სოციალურ ქსელებში. მისმა ადმინისტრაციამ Facebook-ზე სააკაშვილის ოფიციალური გვერდი, ხოლო YouTube–ზე, Twitter–ზე და Flickr–ზე მისი ანგარიშები გახსნა.

აქამდე მიხეილ სააკაშვილის სახელზე რამდენიმე გვერდი იყო გახსნილი Facebook-ზე, თუმცა არც ერთი მათგანი ოფიციალურად არ დადასტურებულა. გასულ თვეში მიცემულ სატელევიზიო ინტერვიუში სააკაშვილმა განაცხადა, რომ აქტიურად ადევნებდა თვალს Facebook-ზე და სხვადასხვა ვებგვერდებზე მიმდინარე დისკუსიებს.

სააკაშვილის Facebook-ის გვერდზე მისი პოლიტიკური შეხედულებები შეფასებულია, როგორს „ძალიან ლიბერალური“, ხოლო რელიგიური მრწამსი როგორც „მართლმადიდებელი ქრისტიანი“. 

სააკაშვილის Facebook-ის გვერდზე სამშაბათს საღამოს გამოქვეყნებული მოკლე შეტყობინების თანახმად, გვერდზე ჰაკერების თავდასხმა განხორციელდა, თუმცა დეტალები არ არის დაკონკრეტებული.

ერთ–ერთი ბოლო ვიდეო, რომელიც სააკაშვილის YouTube–ის გვერდზე აიტვირთა არის სატელევიზიო რგოლი, რომელიც საზოგადოებას 7 ოქტომბერს თავისუფლების მოედანზე საფრანგეთის პრეზიდენტის ნიკოლა სარკოზის საჯარო გამოსვლაზე დასწრებისკენ მოუწოდებს.

Facebook–ზე გვერდები კიდევ ბევრ ოფიციალურ პირს აქვს გახსნილი, მათ შორის პრემიერ–მინისტრ ნიკა გილაურს, თუმცა მათ შორის Facebook–ის ყველაზე აქტიური მომხმარებელი პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძეა.

ბაქრაძე, რომელსაც ერთმა ბლოგერმა Facebook–ისადმი მმართველი პარტიის ყველაზე მეგობრულად განწყობილი წევრი უწოდა, უკვე ორჯერ შეხვდა ივნისში გახსნილი გვერდის ყველაზე აქტიურ წევრებს. ამ გვერდმა უკვე 35 300–ზე მეტი „მომწონს“ დაიმსახურა, რითიც თანდათან ეწევა თბილისის მერს გიგი უგულავას, რომელსაც 43 000 „მომწონს“ აქვს. უგულავამ Facebook–ის გვერდი შარშან აგვისტოში გახსნა. Facebook–ზე ზოგიერთი ოფიციალური პირის, მათ შორის ბაქრაძის ვებგვერდის, რეკლამირებაც ხორციელდება.

კომპანიია Socialbakers-ის მიხედვით, საქართველოში Facebook–ის მომხმარებელთა საერთო რაოდენობა 638 700–ს აღემატება და ბოლო ექვსი თვის მანძილზე, დაახლოებით, 92 900–ით გაიზარდა. 

 

მსგავსი/Related

Back to top button