
საერთაშორისო ბირჟებზე გატანისას სახელმწიფო აქციებზე ლიმიტის დაწესებას დეპუტატებმა მხარი არ დაუჭირეს
დეპუტატებმა მმართველი პარტიიდან კენჭისყრისას ჩააგდეს წინადადება, რომელიც სახელმწიფო კომპანიების – „საქართველოს რკინიგზის“, „საქართველოს ელექტროსისტემის“, ნავთობისა და გაზის კორპორაციის აქციათა არაუმეტეს 25%–ის განთავსების ნებას დართავდა მთავრობას საერთაშორისო ბირჟებზე.
ეს ალტერნატიული წინადადება ქრისტიან–დემოკრატებმა წარადგინეს, თუმცა ის უარყოფილ იქნა და არ აისახება კანონპროექტში, რომელიც სახელმწიფო კომპანიების აქციათა შეუზღუდავი პაკეტების საერთაშორისო ბირჟებზე გაყიდვას ეხება. ეს კანონპროექტი დღეს მმართველი პარტიის დეპუტატებმა ერთხმად, 80 ხმით მეორე მოსმენით დაამტკიცეს.
ოპოზიცია აღნიშნულ ინიციატივას აკრიტიკებს იმ მოტივით, რომ ეს ნაბიჯი სტრატეგიულ ობიექტებზე სახელმწიფოს კონტროლის დაკარგვას გამოიწვევს. თუმცა მთავრობა ირწმუნება და ამის შესახებ არაერთხელ გააკეთა ზეპირი განცხადება, რომ არ აპირებს სახელმწიფო აქციების საკონტროლო პაკეტის გასხვისებას საერთაშორისო ბირჟების მეშვეობით.
იმავდროულად, დღეს პარლამენტმა პირველი მოსმენით ასევე ერთხმად დაუჭირა მხარი ნავთობისა და გაზის შესახებ კანონში ცვლილების მიღებას, რომლის მიხედვითაც, ნავთობისა და გაზის კორპორაციაში სახელმწიფო უნდა ფლობდეს აქციების 50%–ზე მეტს, დღეს დადგენილი 75%–ის ნაცვლად.
ეს ცვლილება მთავრობას შესაძლებლობას აძლევს, რომ კორპორაციის გაყიდვის შემთხვევაში, რომელიც ჩრდილოეთ–სამხრეთის მაგისტრალურ გაზსადენს მართავს და რომლითაც საქართველოს გავლით სომხეთი გაზს რუსეთიდან იღებს, მასში საკონტროლო პაკეტი შეინარჩუნოს, თუმცა გაასხვისოს აქციათა 50%–მდე წილი.
ნავთობისა და გაზის კორპორაციასთან ერთად იმ ობიექტებს შორის, რომლებზეც მთავრობამ საჯაროდ განაცხადა, რომ საერთაშორისო ბირჟებზე განთავსებას აპირებს, არიან, „საქართველოს რკინიგზა“, „საქართველოს ელექტროსისტემა“ და ასევე თბილისში ელექტროენერგიის სადისტრიბუციო კომპანია „თელასი“, რომელშიც სახელმწიფოს წილი 24.53%–ს შეადგენს.