ახალი ამბები

პარლამენტის სხდომაზე ბობოხიძესა და მამრაძეს შორის ინციდენტი მოხდა

პარლამენტის დღევანდელ პლენალურ სხდომაზე ოპოზიციონერ დეპუტატს პეტრე მამრაძეს მმართველი პარტიის დეპუტატმა აკაკი ბობოხიძემ სახეში გაარტყა მას შემდეგ, რაც მამრაძემ განაცხადა, რომ სწორედ სააკაშვილის „სამხედრო ავანტიურას“ მოყვა აგვისტოს ომი და შედეგად მოსკოვის მიერ აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის აღიარება.

ინციდენტი მას შემდეგ მოხდა, რაც დეპუტატმა პეტრე მამრაძემ ახლად შექმნილი ოპოზიციური ფრაქციიდან "ერთობა სამართლიანობისთვის" პლენალურ სხდომაზე განცხადება გააკეთა. სხდომის დაწყებამდე დეპუტატებმა წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულ ქართველ ჯარისკაცებს. 18 წლის წინ, 27 სექტემბერს აფხაზურმა ძალებმა, რომელთაც მათი მოკავშირეები უჭერდნენ მხარს რუსეთიდან, თითქმის ორკვირიანი ალყის შემდეგ სოხუმი აიღეს.  აფხაზეთში 27 სექტემბერს „სოხუმის გათავისუფლების დღეს“ აღნიშნავენ, ხოლო თბილისში ეს დღე „სოხუმის დაცემის“ დღედ მოიხსენიება.

თავის გამოსვლაში, მანამდე გამოსული დეპუტატების მსგავსად, პეტრე მამრაძემაც 18 წლის წინანდელი მოვლენების შესახებ ისაუბრა, თუმცა სხვებისგან განსხვავებით, რუსეთთან 2008 წლის აგვისტოს ომზე შემდეგი განცხადება გააკეთა: „ყველას უნდა ესმოდეს, რომ 2008 წელს სააკაშვილის მიერ განხორციელევბული სამხედრო–პოლიტიკური ავანტიურის შემდეგ, როცა მან ლანგარზე მიართვა რუსეთის სამხედრო–პოლიტიკურ მანქანას აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის გამოცხადების საშუალება და დღევანდელმა პოლიტიკამ უსასრულოდ გადადო… “  

მან წინადადების დასრულება ვერ შეძლო, რადგანაც როდესაც იგი ამ სიტყვებს ამბობდა, მმართველი პარტიის დეპუტატმა აკაკი ბობოხიძემ მას ყვირილი დაუწყო, შემდეგ კი მიუახლოვდა და სახეში გაარტყა. 

მმართველი პარტიის სხვა დეპუტატებმა ბობოხიძე გააკავეს, რათა ის მამრაძისგან მოეშორებინათ, რომელიც გაუნძრევლად იდგა და სიტყვიერადაც კი არ პასუხობდა ბობოხიძეს, როდესაც ეს უკანასკნელი მამრაძის სიტყვიერ შეურაცხყოფას განაგრძობდა და მას „პროვოკატორად", "ნაძირალად“ მოიხსენიებდა.  

რამდენიმე წუთში ბობოხიძემ სიტყვა მოითხოვა და დამსწრეებს „აგრესიისთვის“ ბოდიში მოუხადა, თუმცა ასევე განაცხადა: „თქვენ გიხდით ბოდიშს და არა იმ კაცს, ვის მიმართაც ჩემი აგრესია იყო მიმართული“.

პარლამენტის თავმჯდომარემ დავით ბაქრაძემ აკაკი ბობოხიძეს და სხვა დეპუტატებს „თავშეკავებისკენ“ მოუწოდა, თუმცა ასევე განაცხადა, რომ „ემოციურად რთულია“ მსგავსი განცხადებების მოსმენა.

მან ასევე მოუწოდა დეპუტატებს, ნუ გააკეთებენ ისეთ განცხადებებს, რომლებიც პირდაპირ ეწინააღმდეგება საქართველოს ეროვნულ ინტერესებს და ნუ გამოიყენებენ პარლამენტს საქართველოს ინტერესების საზიანოდ.
 
მმართველი პარტიის დეპუტატმა გიორგი გაბაშვილმა განაცხადა პეტრე მამრაძის მისამართით, რომ „პრო–რუსული ძალები არიან იმდენად გაკოტრებულები, იმდენად გაბანკროტებულები, რომ მაქსიმუმ, რაც მათ შეუძლიათ გააკეთონ, ასეთი 20–წამიანი შოუ მოაწყონ მიკროფონთან“.

კიდევ ერთმა დეპუტატმა მმართველი პარტიიდან ნუგზარ წიკლაურმა მიმართა იმ ფრაქციის სხვა წევრებს, რომლის წევრიც მამრაძეა: „თქვენც მამრაძეები ხართ? თქვენც პუტინები და მედვედევები ხართ? შეგიძლიათ გაიმეოროთ ის სიტყვები, რომ საქართველო დაესხა რუსეთს თავს?“

Back to top button