
რუსეთის ფედერაციის საბჭოს ახალი თავმჯდომარე სოხუმს სტუმრობს
რუსეთის ფედერაციის საბჭოს თავმჯდომარის პოსტზე არჩევიდან, დაახლოებით, ერთ კვირაში, 26 სექტემბერს ვალენტინა მატვიენკო სოხუმში ჩავიდა, სადაც აფხაზეთის ახალი ლიდერის ალექსანდრე ანქვაბის ინაუგურაციას დაესწრება.
მისი პრესსამსახურის ინფორმაციით, ეს მატვიენკოს „პირველი უცხოური ვიზიტია“ ფედერაციის საბჭოს თავმჯდომარის რანგში; ამავე ინფორმაციის თანახმად, სოხუმში ერთდღიანი ვიზიტის ფარგლებში მატვიენკო აფხაზეთის ხელმძღვანელობასთან ორმხრივი საკითხების ფართო სპექტრს განიხილავს.
მატვიენკო, სანკტ–პეტერბურგის ყოფილი გუბერნატორი და პრემიერ–მინისტრ ვლადიმერ პუტინთან დაახლოებული პირი, ფედერაციის საბჭოს სპიკერის პოსტზე 21 სექტემბერს აირჩიეს.
იმავდროულად, სოხუმში 24 სექტემბერს ერთ–ერთ ცენტრალურ ქუჩაზე მანქანა აფეთქდა. მანქანაში ასაფეთქებელი მოწყობილობის ამოქმედების შედეგად არავინ დაშავებულა. ინფორმაცია იმის შესახებ, თუ ვის ეკუთვნოდა მანქანა, არ ვრცელდება. სოხუმში 21 სექტემბერს კიდევ ერთი მანქანა აფეთქდა, რომელსაც ერთი მამაკაცის სიცოცხლე ემსხვერპლა.