
მოსკოვის რეაქცია სააკაშვილის გაეროში გამოსვლაზე
საქართველოს პრეზიდენტის გაეროს გენერალურ ასამბლეაზე წარმოთქმულ სიტყვასთან დაკავშირებით რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ სააკაშვილის ეს სიტყვა არაფრით იყო გამორჩეული მისი სხვა გამოსვლებისგან და აზრი არ აქვს პოზიციის გამოთქმას „რიტორიკაში“ მისი „ყოველი ვარჯიშის შემდეგ“.
„არა გვგონია, რომ ეს გამოსვლა საჭიროებდეს განსაკუთრებულ კომენტარს“, – ნათქვამია რუსეთის საგარეო უწყების პრესისა და ინფორმაციის დეპარტამენტის მიერ 23 სექტემბერს გამოქვეყნებულ სპეციალურ კომენტარში.
“ის ცოტა რამით განსხვავდება ბატონი სააკაშვილის ნებისმიერი სხვა გამოსვლისაგან საერთაშორისო დონეებზე. მათ [გამოსვლების] აუცილებელ ელემენტებს წარმოადგენს, ერთის მხრივ, თავშეუკავებელი თვითქება, აკვიატებული რეკლამა „საქართველოში თავისუფლებისა და დემოკრატიის ფანტასტიურ მიღწევებზე“, და მეორეს მხრივ, ანტი–რუსული ინსინუაციები, რუსეთის დადანაშაულების მცდელობა ყველა მომაკვდინებელ ცოდვებში, „ოკუპაციიდან“ ტერორიზმამდე“, – აცხადებს სამინისტრო.
“რუსეთის პოზიცია ყველა ამ კბილებში გაჩხერილ „სიუჟეტებზე“ არაერთხელ ყოფილა გამოთქმული და საკმაოდ დასაბუთებულადაც. აზრი არ აქვს ამის კიდევ და კიდევ გაკეთებას რიტორიკაში საქართველოს პრეზიდენტის ყოველი ვარჯიშის შემდეგ“, – ნათქვამია განცხადებაში.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)