
თელავის მაჟორიტარულ არჩევნებში მმართველი პარტიის კანდიდატი იმარჯვებს
მმართველი პარტიის კანდიდატმა დიდი უპირატესობით გაიმარჯვა კვირას თელავის ოლქში გამართულ შუალედურ არჩევნებზე, იტყობინება ცენტრალური საარჩევნო კომისია.
თელავის ოლქში 54 საარჩევნო უბნიდან მიღებული შემეჯამებელი ოქმების თანახმად, რომელიც ცესკო–ს ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა, ნაციონალური მოძრაობის მაჟორიტარმა კანდიდატმა ვასილ დავითაშვილმა, რომელიც კენჭისყრამდე თელავის გამგებელი იყო, ხმების 84.3% მიიღო. შემდეგ მოდის ქრისტიან–დემოკრატიული მოძრაობის კანდიდატი ნიკოლოზ ლაშხი ხმების 10.9%–ით და მრეწველთა კანდიდატი ვასილ არაბული ხმების 4.7%.
საარჩევნო უბნებიდან მიღებული შემაჯამებელი ოქმების თანახმად, თელავის ოლქში დარეგისტრირებული დაახლოებით, 56 900 ამომრჩევლის 35.7%–მა მიიღო მონაწილეობა არჩევნებში. იმისათვის, რომ არჩევნები ჩატარებულად გამოცხადდეს, აქტივობის რაიმე მინიმალური ბარიერი დაწესებული არ არის.
შუალედური არჩევნების დაკვირვების შედეგად ორგანიზაციამ „სამართლიანმა არჩევნებმა“ განაცხადა, რომ 2010 წლის 30 მაისის ადგილობრივი არჩევნების მსგავსად, საარჩევნო უბნის ტერიტორიაზე მყოფი პირების მიერ უბანზე გამოცხადებულ ამომრჩევლების აღრიცხვის ფაქტები კვლავაც დაფიქსირდა, ასევე „მასიური“ ხასიათი ჰქონდა პარტიების წარმომადგენლებად ადგილობრივი მუნიციპალიტეტების საჯარო მოხელეების აკრედიტაციას.
თელავში 2010 წლის ადგილობრივ არჩევნებზე ამომრჩეველთა 46.2% მივიდა საარჩევნო უბნებზე, რომლის დროსაც მმართველმა პარტიამ ხმების 72% მიიღო კახეთის ამ ქალაქში; ქრისტიან–დემოკრატებმა – 11.8%, ხოლო მრეწველებმა – 5.2%. მაშინდელ არჩევნებზე უფრო დიდი კონკურენცია იყო, რადგან ცხრა პარტია იბრძოდა თელავის საკრებულოში ადგილების მოსაპოვებლად.
სააკაშვილი თელავში
თელავში შუალედური არჩევნების ჩატარებამდე ერთი დღით ადრე, 2 ოქტომბერს პრეზიდენტი სააკაშვილი ამ ქალაქში ჩავიდა, რათა პირადად გამოეხატა მხარდაჭერა მმართველი პარტიის კანდიდატის მიმართ.
თელავში მხარდამჭერებთან შეხვედრაზე პრეზიდენტმა სააკაშვილმა ადგილობრივი მაცხოვრებლები შეაქო იმისათვის, რომ ისინი არ დაუპირისპირდნენ მთავრობას 2006 წელს, როდესაც რუსეთმა ქართულ ღვინოს ემბარგო დაუწესა. მისი თქმით, მოსკოვმა ეს იმისათვის გააკეთა, რომ ეგონათ, თუმცა ცდებოდნენ ამაში, რომ ეს კახეთში ხელისუფლების საწინააღმდეგო საპროტესტო ტალღას გამოიწვევდა.
შეხვედრაზე სააკაშვილი თელავს 2013 წლისთვის სასმელი წყლით 24-საათიან მომარაგებას, თელავის რაიონის თითოეულ და ყველა სოფელში ”უმაღლესი ხარისხის გზებს” და მთელი კახეთის მასშტაბით თელავის ნამდვილ კულტურულ, ტურისტულ და ეკონომიკურ ცენტრად გადაქცევას დაპირდა.
თელავის რაიონში შუალედური არჩევნების ჩატარების საჭიროება ყოფილი მაჟორიტარის, გია არსენიშვილის გარდაცვალებამ გამოიწვია.