
თბილისი გმობს რუსეთის სათათბიროს მიერ სეპარატისტულ რეგიონებთან ბაზებზე შეთანხმების რატიფიცირებას
თბილისი გმობს რუსეთის სათათბიროს მიერ სამხედრო ბაზებზე საქართველოს სეპარატისტულ რეგიონებთან – აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან გაფორმებული შეთანხმებების რატიფიცირებას, როგორც „ძალზე სახიფათო ნაბიჯს“, რომელიც „ოკუპირებული ტერიტორიების გამალებული მილიტარიზაციის“ მაჩვენებელია.
“ეს ძალზე სახიფათო ნაბიჯები, რომლებიც ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებულ ნორმებსა და პრინციპებს, და რუსეთის მიერ ნაკისრ საერთაშორისო ვალდებულებებს, სერიოზულ საფრთხეს უქმნის მშვიდობასა და სტაბილურობას არა მხოლოდ კავკასიის, არამედ შავი ზღვისპირეთისა და კასპიის რეგიონებში და მთლიანად ევროპაში“, – აცხადებს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო 22 სექტემბერს გამოქვეყნებულ განცხადებაში.
რუსეთის სახელმწიფო სათათბირომ ცხინვალთან და სოხუმთან რუსეთის სამხედრო შეთანხმებების რატიფიცირება 22 სექტემბერს მოახდინა.
ამ შეთანხმებების თანახმად, თითოეულ რეგიონში რუსეთის გაერთიანებული სამხედრო ბაზები 49 წლით განთავსდა, ამ ვადის შემდგომი გაგრძელების შესაძლებლობით.
მოსკოვმა სამხედრო ბაზებზე შეთანხმებას სოხუმთან 2010 წლის თებერვალში; ხოლო ცხინვალთან – იმავე წლის აპრილში მოაწერა ხელი. რუსეთის პრეზიდენტმა, დიმიტრი მედვედევმა სახელმწიფო დუმას ამ შეთანხმებების რატიფიცირების თხოვნით აგვისტოში მიმართა – საქართველოსთან ომისა და სეპარატისტული რეგიონების აღიარების მესამე წლისთავზე.
რუსული წყაროების თანახმად, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის სამხედრო ბაზებზე მოსკოვის არსენალში შედის T-90S ტიპის საბრძოლო ტანკები, "სმერჩის“ საარტილერიო სისტემა, "ტოჩკა–უ"–ს ტიპის ოპერატიულ–ტაქტიკური სარაკეტო კომპლექსი და ხმელეთი-ჰაერი საჰაერო თავდაცვის სისტემა ”ბუკი”. რუსეთმა აფხაზეთში ასევე განათავსა საზენიტო-სარაკეტო კომპლექსი ს-300.
22 სექტემბერს “რია ნოვოსტისთან“ საუბარში რუსმა სამხედრო ანალიტიკოსმა, იგორ კოროტჩენკომ, რომელიც სამხედრო ჟურნალის „ნაციონალნაია ობორონას“ მთავარი რედაქტორი და ასევე რუსეთის თავდაცვის სამინისტროს საზოგადოებრივი საბჭოს წევრია, არ გამორიცხა საქართველოს სეპარატისტულ რეგიონებში რუსეთის შემდგომი გაძლიერება MI-28N ტიპის საბრძოლო ვერტმფრენებით და საშუალო სიშორის სარაკეტო სისტემით ”ისკანდერი”.