ახალი ამბები

ისრაელი ქართულ ციხეში მისი ორი მოქალაქის მიმართ ‘არასათანადო მოპყრობას’ აპროტესტებს

ისრაელის საელჩომ თბილისში 22 სექტემბერს აღშფოთება გამოთქვა ქართულ ციხეში ისრაელის ორი მოქალაქის მიმართ „უხეში და არასათანადო მოპყრობის გამო“. 

„ისრაელის საელჩო საქართველოში აღშფოთებას გამოთქვამს ციხეში ისრაელის მოქალაქეების, რონ ფუქსისა და ზეევ ფრენკელის მიმართ უხეშ და არასათანადო მოპყრობასთან დაკავშირებით. ისრაელის საელჩომ საპროტესტო წერილები უკვე გაუგზავნა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს, სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების სამინისტროს, საგარეო საქმეთა სამინისტროს და საქართველოს სახალხო დამცველს“, – ნათქვამია საელჩოს ვებგვერდზე განთავსებულ განცხადებაში.

საელჩოს ვებგვერდზე გამოქვეყნებული იგივე განცხადების ინგლისურ ვერსიაში სიტყვა „აღშფოთების“ ნაცვლად „სინანულია“ გამოყენებული.   

რონ ფუქსის ქართველმა ადვოკატმა, არჩილ კბილაშვილმა განაცხადა, რომ მისი კლიენტისგან შეიტყო, რომ 17 სექტემბრიდან 19 სექტემბრამდე პერიოდში მის საკანში რამდენჯერმე შესული შავებში ჩაცმული ნიღბიანი პირები მას არასათანადოდ მოეპყრნენ და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს. 

რონ ფუქსი, რომელსაც ხანგრძლივი მრავალმილიონიანი დავა აქვს საქართველოს მთავრობასთან, თავის პარტნიორ ზეევ ფრენკელთან ერთად 2010 წლის 14 ოქტომბერს ბათუმში დააპატიმრეს საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილისთვის ქრთამის შეთავაზების ბრალდებით. აპრილში თბილისის საქალაქო სასამართლომ ჩადენილი დანაშაულისთვის ზეევ ფრენკელს 6 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, დამატებითი სასჯელის სახით კი სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ 100 000 ლარის გადახდა დააკისრა. 

რონი ფუქსს კი თავისუფლების აღკვეთა 7 წლის ვადით შეეფარდა და დამატებითი სასჯელის სახით სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ 500 000 ლარის გადახდა დაეკისრა. ივლისში თბილისის სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი.

ისრაელის ორი მოქალაქე დანაშაულს არ აღიარებს და აცხადებს, რომ ისინი საქართველოს მთავრობის „გეგმას“ ემსხვერპლნენ, რომელიც საქართველოს წინააღმდეგ იმ მრავალმილიონიან მოთხოვნაზე უარის თქმას ისახავდა მიზნად, რომელიც ფუქსმა საერთაშორისო სარბიტრაჟო სასამართლოში მოიგო. 

Back to top button