Placeholder canvas
ახალი ამბები

რუსეთის წინააღმდეგ აგვისტოს ომთან დაკავშირებული საქართველოს სარჩელი სტრასბურგის სასამართლოში

დღეს დილით, სტრასბურგში, ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლომ აგვისტოს ომთან დაკავშირებული საქართველო რუსეთის წინააღმდეგ სახელმწიფოთაშორისი საქმის მოსმენა დაიწყო.

სასამართლო მხარეთა არგუმენტებს მოისმენს, რათა შემდეგ იმსჯელოს და გადაწყვიტოს დაიწყოს თუ არა საქართველოს მიერ 2008 წლის 11 აგვისტოს რუსეთის წინააღმდეგ შეტანილი საჩივრის არსებითი განხილვა.

მართალია თავდაპირველი საჩივარი საქართველომ სტრასბურგის სასამართლოში რუსეთთან ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების ხელმოწერამდე ერთი დღით ადრე შეიტანა, მაგრამ სახელმწიფოთაშორისი სარჩელი საბოლოო ფორმით ევროპულ სასამართლოს 2009 წლის 6 თებერვალს წარედგინა.

მასში საქართველო რუსეთს ბრალს დებს, რომ მისმა შეიარაღებულმა ძალებმა და მის კონტროლ ქვეშ მყოფმა სეპარატისტული რეგიონების ძალებმა განურჩეველი და არაპროპორციული თავდასხმები განახორციელეს მშვიდობიან მოქალაქეებზე და მათ ქონებაზე აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში.

საქართველო რუსეთს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის რვა მუხლის  დარღვევაში ადანაშაულებს, რომლებიც ეხება: სიცოცხლის უფლებას; წამების და არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის აკრძალვას; თავისუფლებისა და უსაფრთხოების უფლებას; პირადი და ოჯახური ცხოვრების პატივისცემის უფლებას; ეფექტური სამართლებრივი დაცვის უფლებას; საკუთრების დაცვის უფლებას; განათლების უფლებას და გადაადგილების თავისუფლებას. 

რუსეთი ყველა ამ ბრალდებას დაუსაბუთებლად მიიჩნევს, რომელთაც, მისი თქმით, საქმის არსებითი განხილვისთვის საჭირო მტკიცებულებები არ ახლავს. რუსეთი აცხადებს, რომ თავდასხმები მის სამხედრო ძალებს არ დაუწყიათ და რომ მისი შეიარაღებული ძალები სამხრეთ ოსეთის მშვიდობიან მოსახლეობას საქართველოს თავდასხმისგან იცავდნენ.

აგვისტოს ომთან დაკავშირებული ამ სახელმწიფოთაშორისი სარჩელის გარდა, სტრასბურგის სასამართლოში განხილვის დაწყების მოლოდინშია, დაახლოებით, ორი ათასამდე ინდივიდუალური სარჩელი, რომლებიც ამავე ომს უკავშირდება.

სასამართლოს ცნობით, ამჟამად მას დარეგისტრირებული აქვს 1 712 ინდივიდუალური სარჩელი საქართველოს წინააღმდეგ; 208 სარჩელი, რომელიც მთლიანობაში 900 პირის საჩივარს აერთიანებს – რუსეთის წინააღმდეგ და 20 ინდივიდუალური სარჩელი, რომლითაც განმცხადებლები ორივე ქვეყანას, რუსეთსაც და საქართველოსაც, ედავებიან.

ამ ინდივიდუალ საჩივართა რაოდენობა გაცილებით მეტი იქნებოდა რომ არა სტრასბურგის სასამართლოს 2010 წლის დეკემბერის გადაწყვეტილება, რომლითაც მან საქმის წარმოება შეაჩერა საქართველოს წინააღმდეგ წარდგენილ 1 549 საჩივარზე იმ მიზეზით, რომ სასამართლომ განმცხადებლების ადვოკატებისგან მოთხოვნილ შეკითხვებზე პასუხები ვერ მიიღო.

საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ სტრასბურგის სასამართლოში კიდევ ერთი სახელმწიფოთაშორისი საჩივარი აქვს წარდგენილი.

ევროპის სასამართლომ უკვე ცნო დასაშვებად საქართველოს პირველი სარჩელი, რომელიც თბილისმა 2007 წელს, მას შემდეგ შეიტანა, რაც 2006 წელს რუსეთმა 2 000-ზე მეტი ქართველის დეპორტაცია განახორციელა, რასაც წინ უძღოდა საქართველოს და რუსეთს შორის ურთიერთობების დაძაბვა ქართული მხარის მიერ რუსი ჯაშუშების დაკავების გამო. ამჟამად, სასამართლოში ამ საქმის არსებითი განხილვა მიმდინარეობს.

რაც შეეხება აგვისტოს ომთან დაკავშირებულ კიდევ ერთ სარჩელს, რომელიც საქართველომ ჰააგაში, გაეროსთან არსებულ საერთაშორისო მართლმსაჯულების სასამართლოში წარადგინა, მან წარუმატებლობა განიცადა მას შემდეგ რაც სასამართლომ აპრილში გადაწყვიტა, რომ ის უფლებამოსილი არ არის ეს სარჩელი განიხილოს, რადგან სარჩელის წარდგენამდე დავის მოგვარებისთვის საჭირო ყველა ბერკეტი გამოყენებული არ ყოფილა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button