ახალი ამბები

საქსტატი: მშპ-ის ზრდა 2011 წლის პირველ ნახევარში 5.2%

მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდის ტემპი მეორე კვარტალში შემცირდა და წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 4.7% შეადგინა; 2011 წლის პირველ კვარტალში ზრდა 5.8% იყო.

"საქსტატის" მიერ 19 სექტემბერს გამოქვეყნებული წინასწარი მონაცემების თანახმად, მთლიანობაში 2011 წლის პირველ ნახევარში მშპ-ის რალური ზრდა, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 5.2% იყო. 2010 წლის პირველ ნახევარში ეს მაჩვენებელი 6.6% იყო.
 
წინასწარი მონაცემების თანახმად, მეორე კვარტალში სამთომომპოვებელ მრეწველობაში 13.6%–იანი კლება, ხოლო მშენებლობის სექტორში – 3.9%–იანი კლება დაფიქსირდა.

იმ დარგებს შორის, სადაც 2011 წლის მეორე კვარტალში ყველაზე დიდი ზრდა დაფიქსირდა, ლიდერობს ფინანსური სექტორი, სადაც ზრდის მაჩვენებელი 29.1%–ია, მას მოსდევს სასტუმროების და რესტორნების ბიზნესი – 11.6%. "საქსტატის" თანახმად მეორე კვარტალში სოფლის მეურნეობაში 2007 წლიდან მოყოლებული ყველაზე დიდი ზრდა დაფიქსირდა – 4.9%. აღსანიშნავია, რომ 2010 წელს სოფლის მეურნეობამ, 2009 წელთან შედარებით, 1.7%–იანი კლება განიცადა.

2011 წლის მეორე კვარტალში მრეწველობამ და ვაჭრობამ ქვეყნის მშპ–ის, დაახლოებით, მესამედი შეადგინა, 16.5% და 15.9%, შესაბამისად; შემდეგ მოდის სახელმწიფო მმართველობა – 12.2%; ტრანსპორტი და კავშირგაბმულობა – 11.3%; სოფლის მეურნეობა – 9.8% და ჯანდაცვა – 6.3%.

2011 წლის მეორე კვარტალში მშპ-ის მაჩვენებელმა მიმდინარე ფასებში 5,84 მილიარდი ლარი  შეადგინა.

Back to top button