
სააკაშვილი: რუსეთი ‘ჩამოიშლება’, თუ დამპყრობლურ პოლიტიკას გააგრძელებს
რუსეთი განწირულია „ჩამოშლისთვის“, თუ ის „მე–19 საუკუნის დამპყრობლურ პოლიტიკას“ გააგრძელებს, განაცხადა პრეზიდენტმა სააკაშვილმა და იქვე აღნიშნა, რომ საქართველოს „სტრატეგიული მოთმინება“ მართებს.
გორის სამხედრო ბაზაზე თავდაცვის სამინისტროს აკადემიის გახსნის ცერემონიაზე თავის სატელევიზიო გამოსვლაში ქართველ ჯარისკაცებთან საუბრისას მან განაცხადა, რომ საქართველო „დგას ძალიან რთულ გეოპოლიტიკურ სიტუაციაში“.
“აქედან რამდენიმე კილომეტრში დამპყრობლებმა გაიმზადეს პლაცდარმი და რა თქმა უნდა, ეს არის პლაცდარმი ასევე დანარჩენი საქართველოს წინააღმდეგ“, – განაცხადა სააკაშვილმა.
“მაგრამ მე მინდა ყველაფერს შევხედოთ უფრო ფართოდ“, – განაგრძო მან, "ეს ადგილი არის საქართველოს გული, ქართლის გული. მე ორივე ხელის ყველა თითი არ მეყოფა იმისათვის, რომ ჩამოვთვალო რამდენ დამპყრობელს ისტორიაში ბოლო ათასწლეულების განმავლობაში მიაჩნდა, რომ ეს ადგილი აიღო და ე.ი. საქართველომ შეწყვიტა არსებობა… ისინი მოდიოდნენ დარწმუნებული იმაში, რომ მოვიდნენ სამარადისოდ და აღმოჩნდა რომ ბევრი მათგანი გაქრა და აღიგავა პირისაგან მიწისა და საქართველო აღმოჩნდა ერთადერთი მარადიული რამ“.
მისი თქმით, დღეს „რუსეთის იმპერია რეალურად ძალიან მძიმე მდგომარეობაშია“.
“და თუ ასე გაგრძელდა, თუ ეს კრიზისი, რომელიც მათ აქვთ გაგრძელდა; მცდელობა რომ მე–19 საუკუნის დამპყრობლური პოლიტიკა განახორციელონ და გააგრძელონ, გაგრძელდა, მისი შემდგომი დასუსტება და ჩამოშლა, როგორც თავის დროზე ეს მოუვიდა თურქ–სელჩუკების იმპერიას დავით აღმაშენებლის დროს; შემდეგ მონღოლთა ურდოს, შემდეგ შემდგომ დამპყრობლებს: ოტომანების იმპერიას, სპარსეთის ძალიან ძლევამოსილ იმპერიას, მანამდე არაბებს, ეს ჩამოშლა არის გარდაუვალი“, – განაცხადა სააკაშვილმა.
თუმცა მან ასევე აღნიშნა, რომ რუსეთის „ჩამოშლა“ თავისთავად "ყველა ჩვენ პრობლემას არ გადაწყვეტს", რადგან საქართველოს ისტორიული გამოცდილება აჩვენებს, რომ ერთ დამპყრობელს – მეორე, ხოლო ერთ პრობლემას მეორე თავსატეხი ანაცვლებს.
“ისტორიული გადასახედი არის ასეთი, რომ რომ ჩამოიშლება დამპყრობლის ეს იმპერია ჩვენ უნდა ვიყოთ ფრთხილად იმიტომ, რომ ამას შეიძლება ყველანაირი ქაოტური მოვლენები მოყვეს და სწორედ აქ, ქართული სახელმწიფოს სიძლიერე და მისი შეიარაღებული ძალების კონსოლიდაცია, ეფექტურობა, ბრძოლისუნარიანობა იქნება აბსოლუტურად გადამწყვეტი იმისათვის, რომ საქართველო შევინარჩუნოთ და საქართველოს ყველა ეს მიღწევა, რომელიც გვაქვს, განვამტკიცოთ და მომავალშიც გვქონდეს“, – განაცხადა მან.
მისი თქმით, ზოგიერთი პოლიტიკოსის გამოკლებით, „ჩვენი დემოკრატიული სისტემის მთავარი მოთამაშეები, მიუხედავად მათი პოლიტიკური განსხვავებისა, იღებენ მთავარ პრინციპებს, რომ მტერს არ შეიძლება გაუწვე და ფეხები აულოკო“.
“დათვს რაც არ უნდა ბაბაია უძახო, შეგჭამს და ჯობია ჯოხით ან ყველაზე საუკეთესოა, თოფით მოიგერიო; და ჯობია აერიდო, რა თქმა უნდა, მაგრამ თუ გადაგეყარა, ერთი ადგილის ლოკვა ამ საქმეს არ შველის დათვის“, – განაცხადა სააკაშვილმა და იქვე განმარტა: „მე ამ დათვში დათვს ვგულისხმობ და არა რომელიმე სახელმწიფოს“.
სააკაშვილმა ასევე განაცხადა: „ჩვენ ისიც კარგად ვიცით, რომ ჩვენ გვმართებს სტრატეგიული მოთმინება. ეს გვასწავლა ჩვენმა ისტორიამ“.
სეპარატისტულ რეგიონებთან მიმართებაში “სტრატეგიული მოთმინებისკენ“ მოწოდებები საქართველოსადმი აშშ–ის ადმინისტრაციის პოლიტიკის შემადგენელი ნაწილია; როგორც ერთმა ამერიკელმა დიპლომატმა ახსნა, ეს მიდგომა გულისხმობს საქართველომ აჩვენოს, რომ არის "მიმზიდველი ადგილი, უფრო ძლიერი და დემოკრატიული“ ქვეყანა.
იმავე გამოსვლაში სააკაშვილმა ასევე განაცხადა, რომ „მტრის ჯინაზე“ გორის სამხედრო ბაზა, რომელიც „ამ სამი წლის წინ საქართველოში დღესაც დარჩენილმა დამპყრობელმა მიწასთან გაასწორა“, „აღვადგინეთ და ავაშენეთ უკეთესი სამხედრო ნაწილი, უკეთესი სამხედრო სასწავლო დაწესებულება, ვიდრე ოდესმე შექმნილა საქართველოს ისტორიაში“.
“ასეთია საქართველოს ბედი – ჩვენ გვანგრევდნენ, გვანადგურებდნენ, მიწასთან გვასწორებდნენ, ფეხს გვიდებდნენ და როდესაც მტერს მიაჩნდა, რომ საბოლოოდ წაგვაქცია, ჩვენ ფეხზე ვდგებოდით, წელში ვსწორდებოდით, თავაწეული ვრჩებოდით და ვაგრძელებდით ცხოვრებას და ჩვენი ქვეყნის შენებას“, – განაცხადა მან.
სააკაშვილმა ასევე განაცხადა, რომ საქართველო „ვერავისზე დამოკიდებული ვერ იქნება“.
„სინგაპურმა შექმნა თვითონ, პატარა ესტონეთიც კი ქმნის თვითონ, მიუხედავად იმისა, რომ ნატოს წევრია – საქმე საქმეზე რომ მიდგება, კი, მეგობრები უფრო მეტს მოგცემენ, ვიდრე არა მეგობრები, მაგრამ, საბოლოო ჯამში, ხეზე ასვლას ვერავინ ვერ გასწავლის“, – განაცხადა მან.