ახალი ამბები

ვაშაძე ლატვიას სტუმრობს

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი გრიგოლ ვაშაძე რიგაში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში თავის ლატვიელ კოლეგას გირტს ვალდის კრისტოვსკის შეხვდა.

“აღინიშნა საქართველოს ეკონომიკური და დემოკრატიული განვითარებისა და ასევე ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის მხრივ მიღწეული პროგრესი და ლატვიის, როგორც ევროკავშირისა და ნატოს წევრი ქვეყნის, მხარდაჭერის აუცილებლობა“, – იტყობინება შეხვედრის თაობაზე საქართველოს საგარეო უწყება.

ლატვიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, გირტს ვალდის კრისტოვსკი მიესალმა საქართველოში მიმდინარე რეფორმებს, თბილისის წვლილს ავღანეთში მიმდინარე ოპერაციაში და „ნათელი მხარდაჭერა“ გამოთქვა საქართველოს ევრო–ატლანტიკურ სტრუქტურებთან მიახლოვების მცდელობების მიმართ.

ამავე ცნობით, მხარეებმა 29–30 სექტემბერს ვარშავაში დაგეგმილი ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტის შესახებ იმსჯელეს.

ლატვიის საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ შეხვედრაზე გრიგოლ ვაშაძემ დაადასტურა საქართველოს სურვილი, რომ მოლაპარაკებები დაიწყოს ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებაზე; ასევე დასრულდეს მოლაპარაკებები ასოცირებულ შეთანხმებაზე და ევროკავშირთან სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციისკენ შემდგომი ნაბიჯები გადაიდგას. 

მსგავსი/Related

Back to top button