skip to content
ახალი ამბები

ვაშაძემ და ბასმა ვმო–ზე მოლაპარაკებები განიხილეს

საგარეო საქმეთა მინისტრმა გრიგოლ ვაშაძემ და აშშ–ის ელჩმა საქართველოში ჯონ ბასმა ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში (ვმო) რუსეთის გაწევრიანებაზე თანხმობის მისაღებად თბილისსა და მოსკოვს შორის შვეიცარიის შუამავლობით მიმდინარე მოლაპარაკებები განიხილეს 14 სექტემბერს გამართულ შეხვედრაზე, იტყობინება საქართველო საგარეო უწყება.

მინისტრსა და ელჩს შორის შეხვედრა, სადაც ასევე განიხილებოდა ორმხრივი ურთიერთობების საკითხები, ვმო–ზე ჟენევაში გამართული, როგორც თბილისმა უწოდა, უშედეგო მოლაპარაკებების მეხუთე რაუნდიდან ორი დღის შემდეგ შედგა.

იმავდროულად, პრეზიდენტმა სააკაშვილმა ვმო–ს თემაზე რუსულენოვან უკრაინულ გაზეთთან "Сегодня" ინტერვიუში ისაუბრა და კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ ეს არ არის პოლიტიკური საკითხი. 

„ეს წმინდა ტექნიკური საკითხია“, – განაცხადა მან ინტერვიუში, რომელიც 15 სექტემბერს გამოქვეყნდა, „ზოგიერთებმა ჩათვალეს, რომ ასეთი მეთოდით ვცდილობთ ოკუპაციის საკითხის მოგვარებას. არა. ეს კონკრეტულად ტექნიკური საკითხია, რომელიც ვმო–ს ნორმებს უკავშირდება  – საზღვრის გამჭირვალობას ტვირთების და მომსახურეობის გადაადგილების კუთხით. და ამ თვალსაზრისით რუსეთმა ამ მოთხოვნების მინიმალური უნდა შეასრულოს“.

“რუსეთთან პრობლემა იყო ის, რომ თავდაპირველად ჯიუტად უარს ამბობდა საუბარზე. ახლაც კი მოლაპარაკებების დროს უარზეა ჩვენ  ქვეყანა გვიწოდოს, არამედ ტერიტორიულ–ეთნიკურ ერთეულად მოგვიხსენიებს. თუ შენ ასე გიწოდებენ, მოლაპარაკება რთულია“, – აღნიშნა მან.

„მართლა ტექნიკური პრობლემიდან გახადეს პოლიტიკური. დიახ, ჩვენ გვაქვს უზარმაზარი პოლიტიკური პრობლემები, მაგრამ ჩვენ არ ვისურვებდით მათ ამ საკითხთან აღრევას. ჩვენ პრაგმატულად ვართ დაინტერესებული, რომ სავაჭრო ნორმები მოწესრიგდეს. სხვათა შორის, ყველა ჩვენს პარტნიორს ეს შესანიშნავად ესმის. და ამ საკითხში ჩვენზე არანაირი ზეწოლა არ არის“, – განაცხადა მან ინტერვიუში, რომელიც წინა კვირას იქნა ჩაწერილი.

 

 

მსგავსი/Related

Back to top button