
ბრიტანეთის პრემიერ–მინისტრმა საქართველოს საკითხი მედვედევთან შეხვედრაზე წამოწია
ბრიტანეთის პრემიერი დევიდ კამერონი (მარცხნივ) და რუსეთის პრეზიდენტი დიმიტრი მედვედევი ერთობლივ პრესკონფერენციაზე 12 სექტემბერს მოსკოვში გამართული შეხვედრის შემდეგ. ფოტო: კრემლი.
საქართველო იყო იმ საერთაშორისო საკითხებს შორის, რომელიც რუსეთის პრეზიდენტთან დიმიტრი მედვედევთან შეხვედრაზე იქნა განხილული, განაცხადა დიდი ბრიტანეთის პრემიერ–მინისტრმა დევიდ კამერონმა.
“ჩვენ განვიხილეთ საქართველოსთვის უსაფრთხოების უზრუნველყოფის საჭიროება და რუსეთის მიერ 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების სრულად შესრულება“, – განაცხადა 12 სექტემბერს კამერონმა თავის გახსნით სიტყვაში პრეზიდენტ მედვედევთან ერთად მოსკოვში გამართულ პრესკონფერენციაზე.
მან ასევე აღნიშნა, რომ გაერთიანებული სამეფო და რუსეთი სარგებელს ნახავენ უფრო ძლიერი ორმხრივი ურთიერთობებიდან და დასძინა, რომ პრეზიდენტი მედვედევი დათანხმდა, „გააძლიეროს ჩვენი თანამშრომლობა რიგი მიმართულებებით“.
“რა თქმა უნდა, რომ საიდუმლოს არ წარმოადგენს ის ფაქტი, რომ არსებობს რთული საკითხები, სადაც ჩვენ განსხვავებები გვაქვს“, – განაცხადა კამერონმა, „ჩვენ ვერ მოვაჩვენებთ თავს, რომ ისინი არ არსებობენ. ჩვენ უნდა გავაგრძელოთ მათ შესახებ გულწრფელი მსჯელობა ისე, როგორც ეს გვქონდა დღეს. ამავე დროს, ამ საკითხებზე თვალის დახუჭვის გარეშე, სწორია უფრო ეფექტური ურთიერთობების ხელახლა აშენება იმ საკითხებზე, რომლებიც სასიცოცხლო მნიშვნელობისაა რუსეთსა და ბრიტანეთში მცხოვრები ხალხის უსაფრთხოებისა და კეთილდღეობისთვის“.
პრეზიდენტმა მედვედევმა განაცხადა, რომ მისი ბრიტანეთის პრემიერთან შეხვედრის „მთავარი შედეგი“ არის ის, რომ „ჩვენ გადავდგით მნიშვნელოვანი ნაბიჯი, რათა ორმხრივი ურთიერთობები უფრო მაღალ დონეზე ავიყვანოთ, კონსტრუქციული და ნაყოფიერი ურთიერთქმედების ხარისხში“.
This post is also available in: English Русский