
ნატოს ჩრდილო ატლანტიკური საბჭო საქართველოს ნოემბერში ესტუმრება
ნატოს გენერალური მდივანი ანდერს ფოგ რასმუსენი და ალიანსის გადაწყვეტილების მიმღები ორგანოს – ჩრდილო ატლანტიკური საბჭოს დიპლომატები საქართველოს 9–10 ნოემბერს ეწვევიან, განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა გრიგოლ ვაშაძემ ორშაბათს.
მისი თქმით, ეს ვიზიტი მისცემს საშუალებას ნატოს დიპლომატებს „ადგილზე დარწმუნდნენ რამდენად სწრაფად ვითარდება ჩვენი ქვეყანა და რამდენად შეესაბამება ნატოს სტანდარტებს ჩვენი მაკროეკონომიკური ციფრები, ჩვენი დემოკრატიული რეფორმები, ჩვენი სამხედრო ბიუჯეტი და ჩვენი მონაწილეობა სამშვიდობო ოპერაციებში“.
გრიგოლ ვაშაძემ ჟურნალისტებს ამის შესახებ თბილისში მიმდინარე ამბასადორიალის ფარგლებში განუცხადა, სადაც ქართველი დიპლომატები ქვეყნის საგარეო პოლიტიკურ პრიორიტეტებზე მსჯელობენ.
ჩრდილო ატლანტიკური საბჭო, რომელშიც ნატოს 28 ქვეყნის მუდმივი წარმომადგენლები და გენერალური მდივანი შედიან, პირველად საქართველოს 2008 წლის სექტემბერში სტუმრობდა – საქართველო–რუსეთის ომიდან ერთი თვის შემდეგ.
მაშინ რუსეთმა დაგმო ეს ვიზიტი როგორც ”არსებულ პირობებში არადროული, რომელიც არ პასუხობს რეგიონში სტაბილიზაციის ინტერესებს”