
ახალი ამბები
ობამას 9/11 გზავნილი მსოფლიოს: როგორი პარტნიორული ურთიერთობები გვჭირდება
აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ 11 სექტემბრის ტერაქტის ათი წლისთავთან დაკავშირებით საერთაშორისო პრესით შემდეგი გზავნილი გაავრცელა:
როგორი პარტნიორული ურთიერთობები გვჭირდება
2001 წლის 11 სექტემბრის ტერორისტული თავდასხმების 10 წლის თავზე ჩვენ გვახსოვს, რომ 9/11 შეტევა მიმართული იყო არა მხოლოდ ამერიკის შეერთებული შტატების, არამედ მთელი მსოფლიოს, მთელი კაცობრიობისა და ჩვენი საერთო იმედების წინააღმდეგ.
გვახსოვს ისიც, რომ თითქმის 3 000 უდანაშაულო დაღუპულს შორის ასობით ადამიანი 90 სხვადასხვა ქვეყნის მოქალაქე იყო. მათ შორის იყვნენ სხვადასხვა რასისა და აღმსარებლობის წარმომადგენელი ქალები და კაცები, ახალგაზრდები და მოხუცები. ამ მწუხარების 10 წლის თავზე ჩვენ მათ ოჯახებსა და ქვეყნებთან ერთად პატივს მივაგებთ მათ ხსოვნას.
მადლიერების გრძნობით ვივსებით, როდესაც გვახსენდება, თუ როგორ შეიკრა ერთ მუშტად მსოფლიო ათი წლის წინ. წუთიერი დუმილის გამოსახატავად მსოფლიოში მთელი ქალაქები გაჩერდა. ხალხი ლოცულობდა ეკლესიებში, მეჩეთებში, სინაგოგებსა და ღვთისმსახურების სხვა ადგილებში. და ჩვენ აქ, ამერიკის შეერთებულ შტატებში, არასდროს დაგვავიწყდება, თუ როგორ გამოხატავდნენ სოლიდარობას ადამიანები, როგორ იდგნენ ანთებული სანთლებით ხელში ჩვენს საელჩოებთან მოტანილ ზღვა ყვავილებს შორის.
გვახსოვს, რომ 11 სექტემბრის შემდეგ, კვირების განმავლობაში ჩვენ ვმოქმედებდით, როგორც ერთიანი საერთაშორისო თანამეგობრობა. როგორც ფართო კოალიციის ერთ-ერთმა წევრმა, ჩვენ ვაიძულეთ ალ-ქაიდას წევრები დაეტოვებინათ საწვრთნელი ბანაკები ავღანეთში, დავამხეთ თალიბები და საშუალება მივეცით ავღანელ ხალხს ეცხოვრათ ტერორის გარეშე. თუმცა, შემდგომ რთული წლები დადგა და შესუსტდა 11 სექტემბრის შემდგომ არსებული გლობალური პარტნიორობის სულისკვეთება.
ჩემი, როგორც როგორც პრეზიდენტის, საქმიანობა მიმართული იყო გლობალური თანამშრომლობის განახლებისაკენ, რომელიც ასე გვჭირდებოდა ჩვენს წინაშე არსებულ გლობალურ გამოწვევებთან გასამკლავებლად.
ურთიერთთანამშრომლობის ამ ახალ ეპოქაში ჩვენ სხვადასხვა ქვეყნებთან და ხალხებთნ დავამყარეთ საერთო ინტერესებსა და ურთიერთპატივისცემაზე დაფუძნებული პარტნიორული ურთიერთობები.
როგორც საერთაშორისო საზოგადოებრიობამ, ჩვენ დავანახეთ მსოფლიოს, რომ ტერორისტები ვერ გაუტოლდებიან ჩვენს მოქალაქეებს, მათ სიძლიერესა და გამძლეობას. მე ნათლად აღვნიშნე, რომ ამერიკის შეერთებული შტატები არც ამჟამად ეომება ისლამს და არც არასდროს გააკეთებს ამას მომავალში. ჩვენს მოკავშირეებსა და პარტნიორებთან ერთად გავერთიანდით ალ-ქაიდას წინააღმდეგ – მათ წინააღმდეგ, ვინც იერიში მიიტანა მრავალ ქვეყანაზე და დახოცა ათასობით უდანაშაულო ადამიანი – კაცი, ქალი თუ ბავშვი, რომელთა უმრავლესობა მუსულმანი იყო.
ამ კვირას ჩვენ ვიხსენებთ ალ-ქაიდას ყველა მსხვერპლს და მათი ოჯახებისა და ქვეყნების მიერ გამოვლენილ სიმამაცესა და გამძლეობას ახლო აღმოსავლეთში, ევროპაში, აფრიკასა თუ აზიაში.
ერთობლივი მუშაობის შედეგად ჩვენ ჩავშალეთ ალ-ქაიდას შეთქმულებები, მოვახდინეთ ოსამა ბინ ლადენისა და ამ ორგანიზაციის ხელმძღვანელების დიდი ნაწილის ლიკვიდაცია და დამარცხების გზაზე დავაყენეთ ალ-ქაიდა.
ახლო აღმოსავლეთისა და ჩრდილოეთ აფრიკის მოსახლეობა გვიჩვენებს, რომ სამართლიანობისა და ღირსებისაკენ მიმავალ ყველაზე სანდო გზას წარმოადგენს ზნეობრივი ძალა და არა უგუნური ტერორიზმი და ძალადობა. აშკარაა, რომ ძალმომრეობითი ექსტრემიზმი წარსულს ჩაბარდა და მომავალი ეკუთვნის იმათ, ვისაც სურს შენება და არა ნგრევა.
მივმართავ იმ სახელმწიფოებსა და ხალხებს, რომლებიც მშვიდობისა და კეთილდღეობის ძიებაში არიან – ამერიკის შეერთებული შტატების სახით თქვენ პარტნიორი გაგაჩნიათ. მიუხედავად იმისა, რომ ამერიკის შეერთებული შტატები შინ ეკონომიკური გამოწვევების წინაშე დგას, ის გააგრძელებს ლიდერობის უნიკალური როლის შესრულებას მსოფლიოში. ჩვენ გამოგვყავს ერაყიდან ჩვენი ჯარის იქ დარჩენილი ნაწილები და პასუხისმგებლობას გადავცემთ ავღანეთის მხარეს ავღანეთში – ამით მხარს ვუჭერთ ერაყელებისა და ავღანელების ძალისხმევას მისცენ მეტი შესაძლებლობა საკუთარ ხალხს და უზრუნველყონ საკუთარი ხალხის უსაფრთხოება. არაბულ სამყაროსა და მის მიღმაც ჩვენ ყოველთვის დავიცავთ ღირსებას და ადამიანების საყოველთაო უფლებებს.
მთელი მსოფლიოს მასშტაბით კვლავაც გავაგრძელებთ იმ მძიმე სამუშაოს, რასაც ჰქვია: მშვიდობისათვის ბრძოლა, სიღარიბის დაძლევისათვის აუცილებელი განვითარების ხელშეწყობა, საკვების უვნებლობის გაძლიერება, ჯანდაცვის გაუმჯობესება და მართვის პასუხისმგებლობიანი პოლიტიკა, რაც ხელს უწყობს მოსახლეობისა და საზოგადოებების პოტენციალის გამოვლენას.
ამავდროულად, ჩვენ კვლავ ავიღეთ ვალდებულება საკუთარ სახლში გამოგვეცოცხლებინა საკუთარი ღირებულებები. როგორც ემიგრანტების ქვეყანა, ამერიკის შეერთებული შტატები გულითადად იღებს ყოველი ქვეყნისა და კულტურის წარმომადგენელს. ეს უახლესი თაობის ამერიკელები – ისევე, როგორც ყველა უდანაშაულო მსხვერპლი, რომლებიც ათი წლის წინ დავკარგეთ – მუდამ გვახსენებენ, რომ მიუხედავად წარმომავლობისა, ეთნიკური, რასობრივი თუ რელიგიური განსხვავებებისა, ჩვენ გვაერთიანებს ერთი საერთო იმედი, რომ შევძლებთ გავაუმჯობესოთ მსოფლიო ჩვენი და მომავალი თაობებისათვის. ეს უნდა იქცეს დაღუპულ ადამიანთა მიერ დატოვებულ მემკვიდრეობად.
მათ, ვინც 11 სექტემბერს შეტევა განახორციელა ჩვენს წინააღმდეგ, ჩვენსა და დანარჩენ სამყაროს შორის შუღლის ჩამოგდება სურდა. მაგრამ ისინი დამარცხდნენ. ამ ტერორისტული აქტის 10 წლის თავზე ჩვენ ჩვენს მეგობრებსა და პარტნიორებთან ერთად პატივს მივაგებთ მათ, ვინც დავკარგეთ ამ ბრძოლაში. მათი ხსოვნის აღსანიშნავად კვლავ ვადასტურებთ, რომ პარტნიორობისა და ურთიერთპატივისცემის სულისკვეთების ერთგულები ვრჩებით; ეს არის ის, რაც ესოდენ გვჭირდება ისეთი სამყაროს ასაშენებლად, სადაც ყველა ადამიანს ექნება ღირსეული, თავისუფალი და მშვიდობიანი ცხოვრების საშუალება.