
ტყიბულის მაღაროში აფეთქებას ადამიანი ემსხვერპლა
ერთი მაღაროელის, 35 წლის თემურ გაბრიაძის სიცოცხლე ემსხვერპლა 9 სექტემბერს ტყიბულში, მინდელის სახელობის მაღაროში მიმდინარე აფეთქებით სამუშაოებს.
მაღაროს მმართველი კომპანიის ტექნიკური დირექტორის მოადგილემ ავთანდილ ბოჭორიშვილმა განაცხადა, რომ ”ქვანახშირის მოპოვების დროს დაირღვა ტექნოლოგიური პროცესი”, თუმცა მომხდართან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება, რომელიც ამ შემთხვევის გამომწვევ ზუსტ მიზეზებს დაადგენს.
საქართველოს მეტალურგიული, სამთო და ქიმიური მრეწველობის მუშაკთა პროფკავშირის პრეზიდენტის თამაზ დოლაბერიძის განცხადებით, წინასწარი ინფორმაციით, ქვანახშირის საბადოს აფეთქებითი სამუშაოებისას თემურ გაბრიაძე შეუსაბამო და არა უსაფრთხო ადგილას იმყოფებოდა, რამაც მისი დაშავება, მოგვიანებით, კი მაღაროდან ამოყვანის შემდეგ, გარდაცვალება გამოიწვია.
თამაზ დოლაბერიძის ინფორმაციით, ამ შემთხვევის შედეგად სხვა არავინ დაშავებულა.
ბოლო სამ წელიწადში მაღაროელი გაბრიაძე უკვე მეათე მსხვერპლია. 2011 წლის იანვარში მომხდარ აფეთქებას ერთი მაღაროელის სიცოცხლე შეეწირა; 2010 წელს ამავე მაღაროში მარტში და აგვისტოში მომხდარი ორი აფეთქების შედეგად რვა მაღაროელი დაიღუპა, ხოლო 2009 წლის დეკემბერში ერთი მაღაროელი ემსხვერპლა დამცავი ჯებირის ჩამოშლას.
ტყიბულის მაღაროს საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფის შვილობილი კომპანია – საქნახშირი მართავს. ამ ჯგუფის დამფუძნებელია დეპუტატი მმართველი პარტიიდან დავით ბეჟუაშვილი – დაზვერვის სამსახურის ხელმძღვანელის გელა ბეჟუაშვილის ძმა.
იანვარში მომხდარი აფეთქებისას პრეზიდენტმა სააკაშვილმა მკაცრად გააკრიტიკა მაღაროს მფლობელები ამგვარი ინციდენტების გამო და განაცხადა, რომ მათ მორიგი აფეთქება არ უნდა შერჩეთ. ამ გაფრთხილების შემდეგ სამართალდამცავებმა კომპანიის ორი თანამშრომელი დააკავეს სამთო სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესების დარღვევის ბრალდებით.