ახალი ამბები

მაგთიკომი სატელიტური ‘ფეი–ტივი’ სერვისის დაწყებას გეგმავს

მსოფლიოს ერთ–ერთმა უმსხვილესმა თანამგზავრების ოპერატორმა კომპანია SES–მა 8 სექტემბერს განაცხადა, რომ საქართველოს მობილურ ოპერატორთან, მაგთიკომთან, გრძელვადიან შეთანხმება გააფორმა, რომლის თანახმადაც მაგთიკომი SES–ის თანამგზავრის მეშვეობით საქართველოში პირველ სატელიტურ ’ფეი–ტივის’ ტიპის სერვისს დაიწყებს 2012 წლის იანვრიდან.

მაგთიკომი მომხმარებელს სტანდარტული და მაღალი გარჩევადობის (SD და HD) ადგილობრივ და საერთაშორისო არხებს შესთავაზებს, რომლებიც ხელმისაწვდომი იქნება 60-სანტიმეტრიანი თეფშების მეშვეობით, ნათქვამია SES–ის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

“მაგთიკომის მიერ DTH [direct-to-home] პლატფორმის დაწყება კიდევ ერთი დემონსტრირებაა იმისა, რომ SES–ს შესწევს უნარი დაეხმაროს ბაზარზე ახლად შემოსულ კომპანიებს წარმატების მიღწევაში“, – განაცხადა SES–ის მთავარმა კომერციულმა დირექტორმა ფერდინანდ კაიზერმა.

“SES–სთან ერთად ჩვენ დავაჩქარებთ ციფრული [მაუწყებლობის] დანერგვას საქართველოში“, – განაცხადა მაგთიკომის გენერალურმა დირექტორმა დევიდ ლიმ, "ჩვენი პარტნიორის შესანიშნავი სატელიტური შესაძლებლობებით და ტექნიკური მიღწევებით, ჩვენ ქართველ მაყურებლებს მივაწვდით უმაღლესი ხარისხის ციფრულ სატელევიზიო მომსახურებას… ეს ქართველ მაყურებელს პირველად მისცემს შესაძლებლობას , რომ მიიღონ ქართული ფეი–ტივის შეთავაზება სატელიტის მეშვეობით“.
 
მაგთიკომმა განაცხადა, რომ კომპანიის გეგმების შესახებ განცხადებას 9 სექტემბერს გაავრცელებს.

GMG იყო პირველი ადგილობრივი კომპანია, რომელმაც საქართველოში ფეი–ტივის სერვისი დაიწყო, თუმცა ის ექვს სატელევიზიო არხს გადასცემს საკაბელო ქსელის მეშვეობით და არა სატელიტით.  GMG–ის ბაზარზე შემოსვლის შემდეგ, ადგილობრივმა საკაბელო არხებმა შეწყვიტეს რუსული ფეი–ტივის მომწოდებლის ”HTB პლიუსის” ტრანსლირება.

Back to top button