ახალი ამბები

2012 წლის ბიუჯეტის პროექტი

მთავრობამ პარლამენტს მიმდინარე კვირაში 2012 წლის ბიუჯეტის პროექტი წარუდგინა, რომლის შემოსავლები 6.606 მლრდ ლარს, ხოლო ხარჯები – 6.131 მლრდ ლარს შეადგენს.

წელს ბიუჯეტის შემოსავლები 6.304 მლრდ ლარით, ხოლო ხარჯები 5.966 მლრდ ლარით არის განსაზღვრული.

მომდევნო წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი, წლევანდელის მსგავსად, 5.5%–ით განისაზღვრა, ხოლო მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ნომინალური მაჩვენებლის პროგნოზი 26.494 მლრდ ლარია. ბიუჯეტის პროექტში, მომავალ წელს ინფლაციის 6%–იანი მაჩვენებელია პროგნოზირებული.

პროექტის მიხედვით, მშპ–ს მიმართ საბიუჯეტო დეფიციტი არსებული 3.7%-დან 3.6%-მდე, ხოლო სახელმწიფო ვალის მოცულობა 40.6%-დან 39.7%-მდე მცირდება.

მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტში, გრანტების ოდენობა 206 მლნ ლარს შეადგენს, ხოლო ჯარიმებით, სანქციებითა და საურავებით მისაღები შემოსავლების სახით პროგნოზირებულია 100 მლნ ლარი.

ყველაზე დიდი ზრდა გათვალისწინებულია ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროსთვის, რომელიც წლევანდელთან შედარებით, გაისად დაგეგმილი მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტების განსახორციელებლად 153 მლნ ლარით მეტს მიიღებს.

მომავალ წელს – 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ პირველად – დაფინანსება 30 მლნ ლარით გაეზრდება თავდაცვის სამინისტროს. წლევანდელთან შედარებით, 18 მლნ ლარით მეტს მიიღებს ასევე შინაგან საქმეთა სამინისტრო.

30–მლნ ლარიანი ზრდაა გათვალისწინებული შრომის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთვისაც მომავალ საარჩევნო წელს. საპენსიო მომსახურებისთვის განკუთვნილი თანხები 89 მლნ ლარით იზრდება მიმდინარე წელთან შედარებით, თუმცა პროექტში კონკრეტულად არაფერია ნათქვამი, იგეგმება თუ არა 100–ლარიანი პენსიის ზრდა.

2012 წელს სამინისტროების დაფინანსება, ბიუჯეტის პროექტის თანახმად, შემდეგია:

  • შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო– 1.722 მლრდ ლარი (2011 წ – 1.692 მლრდ ლარი);
  • თავდაცვის სამინისტრო – 690 მლნ ლარი (2011 წ – 660 მლნ ლარი; 2010 წ – 728 მლნ ლარი);
  • შინაგან საქმეთა სამინისტრო – 584 მლნ ლარი (2011 წ – 566 მლნ ლარი; 2010 წ – 549.2 მლნ ლარი);
  • ფინანსთა სამინისტრო  – 111.7 მლნ ლარი (2011 წ – 204.7 მლნ ლარი);
  • ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო – 80.3 მლნ ლარი (2011 წ – 106.3 მლნ ლარი);
  • რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო – 914.7 მლნ ლარი (2011 წ – 879.1 მლნ ლარი);
  • ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო  – 369.3 მლნ ლარი (2011 წ – 216 მლნ ლარი);
  • იუსტიციის სამინისტრო – 74 მლნ ლარი (2011 წ – 70.7 მლნ ლარი);
  • სასჯელაღსრულების და პრობაციის სამინისტრო – 120 მლნ ლარი  (2011 წ – 106.5 მლნ ლარი);
  • საგარეო საქმეთა სამინისტრო – 76 მლნ ლარი (2011 წ – 73.2 მლნ ლარი);
  • განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო – 560 მლნ ლარი (2011 წ – 555 მლნ ლარი);
  • კულტურის და ძეგლთა დაცვის სამინისტრო – 55 მლნ ლარი (2011 წ – 55.6 მლნ ლარი);
  • სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო –  35.5 მლნ ლარი (2011 წ – 35 მლნ ლარი);
  • სოფლის მეურნეობის სამინისტრო – 69.8 მლნ ლარი (2011 წ – 79.9 მლნ ლარი);
  • გარემოს დაცვის სამინისტრო – 14 მლნ ლარი (2011 წ – 13.9 მლნ ლარი);
  • ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო – 31.8 მლნ ლარი (2011 წ – 40.7 მლნ ლარი);
  • რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი – 1.2 მლნ ლარი (2011 წ – 1.2 მლნ ლარი);
  • ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი – 2. მლნ ლარი (2011 წ – 1.6  მლნ ლარი);
  • დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი –  800 ათასი ლარი (2011 წ – 788 ათასი ლარი).

მომავალ წელს პარლამენტის, პრეზიდენტის ადმინისტრაციის და მთავრობის კანცელარიის დაფინანსება თითქმის უცვლელი დარჩება და შესაბამისად, 40.1 მლნ ლარს, 14.1 მლნ ლარს და 8.5 მლნ ლარს შეადგენს. უცვლელია ასევე პრეზიდენტისა და მთავრობის სარეზერვო ფონდების ოდენობები და თითოეული 50 მლნ ლარს შეადგენს.

მომავალ წელს, როცა პარლამენტის არჩევნები უნდა გაიმართოს, თითქმის სამჯერ იზრდება ცენტრალური საარჩევნო კომისიის დაფინანსება, რომელიც, პროექტის თანახმად, 37.9 მლნ ლარი იქნება.

საგზაო ინფრასტრუქტურის გაუმჯებესების ღონისძიებებზე მომავალი წლისთვის 599.7 მლნ ლარი დაიხარჯება, საიდანაც საბიუჯეტო სახსრები, პროექტის მიხედვით, 254.6 მლნ ლარი, ხოლო კრედიტებით მიღებული თანხები 345 მლნ ლარი იქნება. კრედიტების წილი ჭარბობს ასევე მომავალ წელს დაგეგმილ რეგიონული და მუნიციპალური ინფრასტრუქტურის და წყალმომარაგების ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის დაფინანსებაში.

პროექტის თანახმად, ავტონომიური რესპუბლიკებისა და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულებისათვის ცენტრალურ ბიუჯეტიდან გადასაცემი ტრანსფერი 888.9 მლნ ლარს შეადგენს, საიდანაც 490 მლნ ლარი თბილისისთვის არის გამოყოფილი, რაც 50 მლნ ლარით მეტია წელს გათვალისწინებულ სახსრებზე.

მკვეთრად მცირდება საზოგადოებრივი მაუწყებლის დაფინანსება წელს არსებული 45 მლნ ლარიდან 28.2 მლნ ლარამდე. 2011 წელს საზოგადოებრივი მაუწყებლის ბიუჯეტის, დაახლოებით, ნახევარი რუსულენოვანი არხისთვის იყო გამოყოფილი.

საქართველოს საპატრიარქოს, 22.8 მლნ ლარის ოდენობით წელს გამოყოფილი დაფინანსება, პროექტის თანახმად, უცვლელად უნარჩუნდება 2012 წელსაც.

ბიუჯეტის პროექტის განმარტებით ბარათში ნათქვამია, რომ მის სიახლეს წარმოადგენს „ახალი ფორმატი“, რაც იმაში მდგომარეობს, რომ პროექტი წარმოდგენილია პროგრამული კლასიფიკაციის შესაბამისად. თუმცა წინა წლების ბიუჯეტებისგან განსხვავებით, ასიგნებების ცხრილში დეტალურად აღარ არის გაწერილი ესა თუ ის ხარჯი.

Back to top button