ახალი ამბები

გაბაშვილი: საია–ს შეგნებული ტყუილისთვის ბოდიშის მოხდა მოუწევს

დეპუტატმა მმართველი პარტიიდან გიორგი გაბაშვილმა განაცხადა, რომ ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ (საია) „შეგნებული ტყუილი გაავრცელა“ 26 მაისის საპროტესტო აქციის დაშლისას  მომიტინგის გარდაცვალების ოფიციალური ვერსიის წინააღმდეგ, რისთვისაც „აუცილებლად მოუწევთ ბოდიშის მოხდა“.

„ორგანიზაცია, რომელიც თავს დამოუკიდებელ, სანდო ორგანიზაციად წარმოაჩენს  – ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია კადრულობს ასეთი შეგნებული ტყუილის გავრცელებას – ინფორმაციის გავრცელებას, რომელიც მათ, დარწმუნებული ვარ, იციან რომ არის აბსოლუტური ტყუილი, აბსოლუტური გამონაგონი და ცილისწამება, შესაბამისად მათ აუცილებლად მოუწევთ ბოდიშის მოხდა ამ ინფორმაციის გავრცელებისთვის“, – განაცხადა გაბაშვილმა 6 სექტემბერს.

“სხვა შემთხვევაში, ჩვენ შეგვიძლია ჩავთვალოთ, რომ ეს არა დამოუკიდებელი არასამთავრობო ორგანიზაციის განცხადებაა, არამედ ისინი გახდნენ უბრალოდ ნაწილი პოლიტიკური თამაშებისა და ნაწილი იმ დეზინფორმაციის, რომელსაც, როგორც წესი, პოლიტიკური პარტიები ავრცელებენ ხოლმე“, – აღნიშნა მან.

6 სექტემბერს საიამ გამოაქვეყნა მისი დაკვეთით ჩატარებული ექსპერტიზის კერძო ბრიტანული კომპანიის დასკვნა, სადაც ნათქვამია, რომ მომიტინგე, რომელზეც პოლიცია აცხადებს, რომ ელექტროსადენებთან შეხებით გარდაიცვალა, იმ დაკავებულთა შორის იყო, რომლებიც სპეცრაზმმა 26 მაისის აქციის დარბევისას აიყვანა. შსს–მ კვლავაც დაიცვა ოფიციალური ვერსია და საიაის მიერ გავრცელებულ დასკვნას „გასაოცარი“ უწოდა.

 

Back to top button