ახალი ამბები

სააკაშვილი ეკლესიების აღდგენის შესახებ

პრეზიდენტმა სააკაშვილმა განაცხადა, რომ საქართველოს მთავრობის დახმარებით ეკლესიების აღდგენის პროცესი  იმ ფონზე მიმდინარეობს, როცა „გვლანძღავენ, რომ ჩვენ ეკლესიებს ვებრძვით“.

“ვიღაც–ვიღაცეები სანამ ბევრს ლაყბობენ იმის თაობაზე, რომ საქართველოს მთავრობა ებრძვის საქართველოს ეკლესიას, ამასობაში ჩვენ აღვადგინეთ… 500–ზე მეტი ეკლესია. ამიტომ ჩვენ ეკლესიას ვაღდგენთ, ისინი ჩვენ გვლანძღავენ, რომ ჩვენ ეკლესიებს ვებრძვით; ჩვენ ახალ რაღაც ფაქტებს ვაჩენთ ჩვენი ისტორიიდან, მათ შორის ჩვენი ქრისტიანული უძველესი წარსულიდან, ისინი ყველანაირად ცდილობენ რომ დაამახინჯონ ისტორია და მათ შორის, დღევანდელობა“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა 2 სექტემბერში ყვარლის რაიონში რეაბილიტირებული გრემის სამონასტრო კომპლექსის მონახულებისას.

„ჩემთვის სულ ერთია ისინი რას ლაპარაკობენ, მთავარია, რომ იმ ხალხს, რომელიც აქ არის, უჩნდება დამატებითი შემოსავლის წყარო იმიტომ, რომ ეს არის ასევე ტურიზმის ცენტრი, ეს არის ასევე სერიოზული შანსი, რომ რუკაზე დამკვიდრდეს ეს ადგილი, რომელსაც აქვს ძალიან დიდი ცნობადობა ისედაც“, – აღნიშნა მან.

მან ასევე ხაზი გაუსვა, რომ ყვარლის რაიონში იუსტიციის მინისტრის „ზურაბ ადეიშვილის ინიციატივით“ ასევე აღდგა ნეკრესის მონასტერი „დანგრეული მდგომარეობიდან“.

მისი თქმით, უახლოეს ორ წელიწადში „ყველაფერი რაც შემოგვრჩა წარსულიდან, პირვანდელ ბრწყინვალებას“ დაიბრუნებს.

გრემის სამონასტრო კომპლექსთან შეკრებილი ადამიანებიდან ერთ–ერთმა მოხუცმა ქალბატონმა მიხეილ სააკაშვილს თანამდებობაზე დიდხანს ყოფნა უსურვა, რათა „იეღოველები მოიგერიოს“. „ღმერთმა გაკურთხოთ და გაგაძლიეროთ, დიდი მადლობა ქალბატონო“, – იყო სააკაშვილის რეპლიკა.

Back to top button