ახალი ამბები

ავღანეთში ქართველი სამხედრო დაიღუპა

უმცროსი სერჟანტი რეზო ბერიძე ავღანეთში თალიბების თავდასხმის დროს მიყენებული ჭრილობებისგან გარდაიცვალა, იტყობინება თავდაცვის სამინისტრო 31 აგვისტოს.

გარდაცვლილი ჯარისკაცი III ქვეითი ბრიგადის შემადგენლობაში საერთაშორისო უსაფრთხოების უზრუნველყოფის ძალების (ISAF) მისიის ფარგლებში ჰელმანდის პროვინციაში მსახურობდა, შეიარაღებულ ძალებში კი 2002 წლიდან ირიცხებოდა.

რეზო ბერიძე მეათე დაღუპული ჯარისკაცია მას შემდეგ, რაც ნატოს ეგიდით მიმდინარე ოპერაციას საქართველო 2009 წლის ნოემბრიდან შეუერთდა.

მისი ცხედარი უკვე გადმოსვენებულია საქართველოში, იტყობინება თავდაცვის უწყება მომხდართან დაკავშირებით თარიღების ან სხვა რაიმე დეტალების მითითების გარეშე. 

თავდაცვის სამინისტრომ ტრადიციულად მოკლე განცხადება მას შემდეგ გამოაქვეყნა, რაც გაზეთმა „ბათუმელები“ 31 აგვისტოს გაავრცელა ინფორმაცია 35 წლის ჯარისკაცის – რეზო ბერიძის გარდაცვალების თაობაზე. გაზეთის ცნობით, იგი ქედის რაიონის სოფელ ახოდან არის წარმოშობით, თუმცა ბოლო პერიოდში ვანის რაიონში ცხოვრობდა ოჯახთან  ერთად. მას მეუღლე და სამი შვილი დარჩა. ამავე ინფორმაციით, გარდაცვლილი ჯარისკაცი, რომელსაც სასიკვდილო ჭრილობა სახის არეში ჰქონდა მიყენებული, საქართველოში 27 აგვისტოს ჩამოასვენეს.

თავდაცვის სამინისტრო და პრეზიდენტი სააკაშვილი, რომელმაც ცოტა ხნის წინ ავღანეთში ქართული კონტიგენტის გაზრდის გადაწყვეტილება მიიღო, სამძიმარს უცხადებენ დაღუპული ჯარისკაცის ოჯახს.

საქართველომ, რომელსაც უკვე გაგზავნილი ჰყავს 900–ზე მეტი სამხედრო ავღანეთში, ივნისში განაცხადა, რომ მომავალ წელს ISAF-ის ოპერაციაში დამატებითი ბატალიონის გაგზავნას გეგმავს.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button