ახალი ამბები

თელავის მაჟორიტარული მანდატისთვის სამი პარტია იბრძოლებს

თელავის მაჟორიტარი დეპუტატის შუალედურ არჩევნებში, რომელიც 2 ოქტომბერს არის დანიშნული, ნაციონალური მოძრაობის, ქრისტიან–დემოკრატებისა და მრეწველთა კანდიდატები მიიღებენ მონაწილეობას.

თელავის მაჟორიტარის ადგილი პარლამენტში მას შემდეგ გახდა ვაკანტური, რაც გია არსენიშვილი, რომელიც ადამიანის უფლებათა საპარლამენტო კომიტეტს ხელმძღვანელობდა, 2010 წლის ნოემბერში გულის შეტევით გარდაიცვალა.

საპარლამენტო უმცირესობის წამყვანმა პარტიამ, ქრისტიან–დემოკრატიულმა მოძრაობამ, რომელიც ამჟამად საკანონმდებლო ორგანოში 7 დეპუტატით არის წარმოდგენილი, თავის კანდიდატად ადგილობრივი პარტიული კადრი, ნიკოლოზ ლაშხი წარადგინა. 

მრეწველები მათივე პარტიის წევრის ვასილ არაბულის წარდგენას გეგმავენ, ხოლო მმართველი პარტია აცხადებს, რომ მისი კანდიდატის ვინაობა 1 სექტემბერს გახდება ცნობილი. გავრცელებული ცნობით, იგი იქნება ვასილ დავითაშვილი, რომელმაც თელავის გამგებლის თანამდებობა დატოვა.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის ცნობით, თელავის ოლქში 56 932 ამომრჩეველია რეგისტრირებული. 

Back to top button