ახალი ამბები

სააკაშვილი: განვითარებულ ქვეყნებს „დავეწევით და გავუსწრებთ კიდეც“

პრეზიდენტმა სააკაშვილმა განაცხადა, რომ საქართველო სახელმწიფო აპარატის სიძლიერის გამო წარმოუდგენელი ტემპებით ვითარდება და ის დაეწევა და გაუსწრებს განვითარებულ ქვეყნებს.

ეს განცხადება პრეზიდენტმა სააკაშვილმა 29 აგვისტოს ქუთაისში სტუმრობისას გააკეთა, სადაც პარლამენტის ახალი შენობის მშენებლობის პროცესი დაათვალიერა, რომელიც, მისი თქმით, 2012 წელს დადგენილ ვადამდე რამდენიმე კვირით ადრე დასრულდება. დედაქალაქიდან მომდევნო მოწვევის პარლამენტის ქუთაისში გადატანის გადაწყვეტილება ხელისუფლებამ ამ ზაფხულს მიიღო.

“ეს არის მართლაც ისტორიული პროცესი იმიტომ, რომ ჩვენ მართლაც ვაშენებთ არა მხოლოდ მსოფლიოში ყველაზე თანამედროვე საპარლამენტო შენობას… [არამედ] მთავარია ის, რომ ეს არის მთლიანად სოციალური ფსიქოლოგიის გამოცვლა საქართველოში. პრაქტიკულად ახალ, უზარმაზარ ენერგიას მიიღებს საქართველო იმით, რომ პარლამენტი გადმოვა ქუთაისში თავისი სოციალური, ეკონომიკური განვითარების თვალსაზრისით,“– განაცხადა მან. 

მისი თქმით, ეს ასევე ხელს შეუწყობს 3–5 წლის წინ ქუთაისში არსებული უიმედო სიტუაციის გადალახვას, „როცა მეც ხანდახან ეჭვი მეპარებოდა რამე გამოგვივიდოდა თუ არა აქ საერთოდ“.

„აქ [ქუთაისში] არის ძალიან ბევრი სოციალური პრობლემა –  რა თქმა უნდა, პარლამენტი ყველაფერ ამას ვერ წყვეტს, მაგრამ ბევრ რაღაცას წყვეტს“, – აღნიშნა მან.

“საერთოდ ის ტემპი, რომლითაც შენდება საქართველო, მიუხედავად ყველა სირთულისა, ეს არის წარმოუდგენელი“, – დასძინა მან.

პრეზიდენტმა სააკაშვილმა ქუთაისში სტუმრობისას ასევე გახსნა ველოსიპედის გზის ახალი ექვსკილომეტრიანი მონაკვეთი, რომლის ნახევარიც მან მეუღლესთან, სანდრა რულოვსთან და ვაჟიშვილებთან ერთად გაიარა.

„ამას წინად სანდრა იყო კაფეში და გამოელაპარაკა ერთი ჰოლანდიელი ტურისტი და თქვა: ‘რა კარგი ქვეყანაა საქართველო, იქ, რა ქვია, ხალხია ძალიან კარგი – სახლში გვიპატიჟებენ, უფასოდ გვაჭმევენ; პატრულმა – მაშინ ცხელოდა – ქუჩაში დაგვირიგა წყლები; მაგრამ პრობლემა აქვს ერთი ამ ქვეყანას, რომ ძალიან უცნაური პრეზიდენტი ყავსო; რაღაც საბავშვო რვეულში ჩახატა რაღაც სულელური ჩანახატები და ამიტომ აი ბათუმი და ქუთაისი საშინელი ქალაქებიაო. რატომო? იმიტომ რომ ეს არ არის საქართველოო; ეს არის იმის [პრეზიდენტის] უცნაური ფანტაზიების პირდაპირი შედეგიო… მაგალითად ქუთაისში არის ველოსიპედისტების გზა და არც ერთი ველოსიპედი არ დადისო“.
 
„ნუ ეს კაცი გონებრივად შორს წასული არ იყო, მაგრამ საერთოდ ეს ქედმაღლობა ზოგიერთ უცხოელსაც ახასიათებს. ჰგონიათ, რომ კარგი და მაგარი შეიძლება იყოს მარტო ჰოლანდიაში, საფრანგეთში, იტალიაში და აქ ჩვენ როგორც ვიყავით, როგორც ვიჯექით ტალახში, ისე უნდა ვიჯდეთ და ხანდახან ჩამოვლენ და შეგვიცოდებენ – ’ო, რა კარგი ხალხი ხართ, ტალახში ზიხართ, ოღონდ უფასოდ გვაჭმევთ, გვიღიმით; აგერ პოლიცია გყავთ კარგი’; მაგრამ იმას ვერ ხვდება რომ… ის პატრულიც რომ მაგარია და სახელმწიფო აპარატი რომ ფუნქციონირებს სწორედ ეს არის და ამის გამო არის, რომ ქვეყანა შენდება და ერთ ადგილზე არ ვდგევართ და სულ ვიმყოფებით მოძრაობაში“, – განაცხადა პრეზიდენტმა.

“ნახავთ, ჰოლანდიასაც დავეწევით და ყველა სხვასაც და გადავუსწრებთ კიდევაც და ამას ყველა უნდა შეეგუოს; რა თქმა უნდა, დრო დაგვჭირდება, მოთმინება დაგვჭირდება“, – აღნიშნა მან.

Back to top button