
ნატო არ აღიარებს აფხაზეთის არჩევნებს
ნატო არ აღიარებს 26 აგვისტოს საქართველოს რეგიონში – აფხაზეთში ჩატარებულ არჩევნებს, განაცხადა ალიანსის გენერალურმა მდივანმა ანდერს ფოგ რასმუსენმა.
„ამგვარი არჩევნების ჩატარება ხელს არ უწყობს საქართველოში სიტუაციის მშვიდობიან და ხანგრძლივ მოგვარებას“, – ნათქვამია გენერალური მდივნის წერილობით განცხადებაში, რომელიც 27 აგვისტოს გამოქვეყნდა.
„ალიანსი კვლავაც იმეორებს სრულ მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ მისი საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ფარგლებში“, – ნათქვამია განცხადებაში.
26 აგვისტოს სეპარატისტულმა აფხაზეთმა მესამე დე ფაქტო პრეზიდენტად ხმათა, დაახლოებით, 55%–ით ალექსანდრე ანქვაბი აირჩია, რომელსაც რუსეთის პრეზიდენტმა დიმიტრი მედვედევმა უკვე მიულოცა „დამაჯერებელი“ გამარჯვება.
თბილისი აფხაზურ არჩევნებს არალეგიტიმურად მიიჩნევს.