აფხაზეთის ცესკო: ამომრჩეველთა მაღალი აქტივობით არჩევნები შედგა
რუსული ტელევიზიის კარდი, სადაც საარჩევნო უბანში ხმის მისაცემად მისულ
ამომრჩევლებს შორის აფხაზი ჯარისკაციც ჩანს, 26 აგვისტო.
სეპარატისტული აფხაზეთის საპრეზიდენტო არჩევნები ჩატარებულად შეიძლება ჩაითვალოს, რადგან რეგისტრირებულ ამომრჩეველთა ნახევარზე მეტმა უკვე მისცა ხმა, განაცხადა რეგიონის ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ ბატალ ტაბაღუამ.
მისი თქმით, 6 საათისთვის ამომრჩეველთა აქტივობამ 61.6% შეადგინა, იტყობინება „აფსნიპრესი“.
რუსული ტელევიზიით გავიდა კარდები, სადაც ჩანს, თუ როგორ დგანან რიგში სოხუმის საარჩევნო უბნებთან ამომრჩევლები.
იმავდროულად, სეპარატისტული რეგიონის მთავარი პროკურორი, საფარბეი მიქანბა თბილისის პოზიციას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ საქართველოს ხელისუფლების განცხადებებს არჩევნების არალეგიტიმურობის თაობაზე არასდროს უმოქმედია აფხაზეთის არჩევნებზე ან მის შედეგებზე.
„ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ამომრჩეველთა აქტივობა მაღალია და აქამდე რაიმე სერიოზულ დარღვევებს ადგილი არ ჰქონია; ყოველ შემთხვევაში, პროკურატურისთვის საჩივრით არავის მიუმართავს“, – იტყობინება „აფსნიპრესი“ მიქანბას სიტყვებზე დაყრდნობით.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)