
ევროკავშირის ახალი წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიაში და ჟენევის მოლაპარაკებებზე
საფრანგეთის ყოფილი ელჩი საქართველოში, ფილიპ ლეფორი ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენლად დაინიშნა სამხრეთ კავკასიაში და კრიზისების საკითხებში.
სამხრეთ კავკასიაში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლის რანგში ლეფორმა პიტერ სემნები შეცვალა, რომლის მანდატიც თებერვლის ბოლოს ამოიწურა.
საქართველოში კრიზისების საკითხებში სპეციალური წარმომადგენლის რანგში – ეს მანდატი ევროკავშირმა რუსეთსა და საქართველოს შორის 2008 წლის ომის შემდეგ აამოქმედა – ლეფორი ჟენევის დისკუსიების თანათავმჯდომარე იქნება, ეუთოდან და გაეროდან კიდევ ორ კოლეგასთან ერთად. ამ რანგში ფრანგმა დიპლომატმა პიერ მორელი შეცვალა, რომლის მანდატიც 31 აგვისტოს იწურება.
ფილიპ ლეფორი, რომელსაც დიპლომატიურ სამსახურში 20–წლიანი გამოცდილება აქვს, 2004–2007 წლებში საფრანგეთის ელჩი იყო საქართველოში, ხოლო 2007–2010 წლებში რუსეთში საფრანგეთის ელჩის მოადგილედ მსახურობდა. 2010 წლიდან იგი საფრანგეთის საგარეო და ევროპულ საქმეთა სამინისტროს კონტინენტური ევროპის დეპარტამენტის დირექტორი იყო. ბოლოს იგი საქართველოს ამ რანგში მაისში სტუმრობდა.
საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა კეტრინ ეშტონმა ამ საკადრო გადაწყვეტილებას "იდეალური არჩევანი" უწოდა.
"ძალიან მოხარული ვარ, რომ ჩვენ ფილიპ ლეფორს ამ მნიშვნელოვან თანამდებობაზე ვნიშნავთ. ფილიპ ლეფორს რეგიონის ღრმა ცოდნა და იქ ძალიან მაღალ საფეხურზე წლობით მუშაობის გამოცდილება აქვს", – განაცხადა ეშტონმა 26 აგვისტოს წერილობით განცხადებაში.
ევროკავშირმა განაცხადა, რომ ლეფორის მანდატი მოიცავს კონტაქტების განვითარებას რეგიონის მთავრობებთან, პარლამენტებთან, სხვა ძირითად პოლიტიკურ სტრუქტურებთან, სასამართლო სისტემასთან და სამოქალაქო საზოგადოებასთან; ასევე რეგიონის ქვეყნების ხელშეწყობას, რათა ითანამშრომლონ საერთო ინტერესის მქონე ისეთ რეგიონალურ საკითხებზე, როგორიცაა უსაფრთხოების საერთო საფრთხეები, ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლა, უკანონო ვაჭრობა და ორგანიზებული დანაშაული; და ასევე კონფლიქტების მშვიდობიანი მოგვარების ხელშეწყობას საერთაშორისო სამართლის პრინციპების შესაბამისად.