ახალი ამბები

აშშ-ის დაფინანსებით ფოთში სანაპირო დაცვის გემების შემკეთებელი საამქრო აშენდება

აშშ–ის დაფინანსებით 4 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების გემების შემკეთებელი საამქროს მშენებლობას ფოთში დღეს ჩაეყარა საფუძველი, განაცხადა თბილისში აშშ–ის საელჩომ.
  
საელჩოს განცხადებით, საამქრო, რომლის მშენებლობასაც აშშ–ის არმიის ინჟინერთა კორპუსი უხელმძღვანელებს, „მნიშვნელოვნად გაზრდის სანაპირო დაცვის შესაძლებლობას თავიანთი საპატრულო გემების ექსპლოატაცია და რემონტი განახორციელონ“. 

საელჩოს განცხადებით,  დასრულების შემდეგ, ობიექტი ყველა საჭირო დანადგარით აღიჭურვება. „კვალიფიციური მომსახურება გაახანგრძლივებს სანაპირო დაცვის გემების ექსპლუატაციის ვადას და უზრუნველყოფს საქართველოს სანაპირო ზოლის უსაფრთხოებას“, – განაცხადა საელჩომ.

აშშ–მ ასევე გამოყო 2 მილიონი აშშ დოლარი საქართველოს სანაპირო დაცვის ორი ძირითადი საპატრულო გემის შეკეთებისა და მესამე საპატრულო გემის სრული მოდერნიზაციის მიზნით. შესაბამისი სამუშაოები აჭარაში მოქმედმა ქართულმა კომპანიამ შეასრულა.  

ახალი საამქროს მშენებლობა აშშ-ის მთავრობის „ექსპორტის კონტროლისა და საზღვრების უსაფრთხოების” 10–მილიონიანი პროგრამის ნაწილია, რაც მიზნად ისახავს საქართველოს სანაპირო დაცვის დახმარებას, რათა მან „სწრაფი და ეფექტური რეაგირება მოახდინოს საზღვაო ინციდენტებზე“.

„ეს დახმარება აჩვენებს აშშ-ის ერთგულებას გაუწიოს საქართველოს დახმარება, რათა უზრუნველყოს მისი მოქალაქეების უსაფრთხოება“, – განაცხადა აშშ–ის საელჩომ. 

 

Back to top button