ახალი ამბები

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას შესაძლო პროვოკაციის ‘არანაირი მტკიცებულება’ არ აღმოუჩენია

საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიამ კიდევ ერთხელ გაიმეორა დღეს გამოქვეყნებულ წერილობით განცხადებაში, რომ მისიას არანაირი მტკიცებულება არ აღმოუჩენია 26 აგვისტოს სეპარატისტული სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციულ საზღვართან დაგეგმილი ნებისმიერი პროვოკაციული ქმედების შესახებ.

მოსკოვმა განაცხადა, რომ რუსეთის მიერ აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის აღიარების სამი წლის თავზე თბილისი „მასშტაბურ პროვოკაციას“ და სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციულ საზღვართან „მშვიდობის მარშს“ გეგმავს 26 აგვისტოს. საპასუხოდ, თბილისმა მოსკოვი „საბჭოური სტილის პროპაგანდასა“ და რეგიონში დაძაბულობის შექმნაში დაადანაშაულა.  

„ბოლო დღეებში არსებობდა რიგი განცხადებებისა და ინფორმაცია რომ  ხვალ, 26 აგვისტოს, სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციული საზღვრის მახლობლად პროვოკაციის გამოსაწვევად ე. წ. "მშვიდობის მარში" გაიმართება“, – განაცხადა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიამ 25 აგვისტოს.

„ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია სერიოზულად ეპყრობა ნებისმიერ მოვლენებს, რომელსაც შეიძლება ქონდეს უარყოფითი ზეგავლენა სტაბილურობაზე ადმინისტრაციულ საზღვართან და ზედმიწევნით აკვირდებოდა სიტუაციას დამატებითი პატრულირებისა და სხვადასხვა საკონტაქტო პირებთან, მათ შორის საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებთან, საუბრების საშუალებით“.

„დღემდე მისიას არ აღმოუჩენია არანაირი მტკიცებულება 26 აგვისტოს ადმინისტრაციულ საზღვართან დაგეგმილი ნებისმიერი პროვოკაციული ქმედების შესახებ. მისია მოუწოდებს ყველა მხარეს თავი შეიკავოს დაძაბულობის გამომწვევი ნებისმიერი განცხადებებისა ან ქმედებებისგან“, – ნათქვამია განცხადებაში.

მსგავსი/Related

Back to top button