skip to content
ახალი ამბები

ნატოს ევროპული სარდლობის მეთაური თბილისში შეხვედრებს მართავს

ნატო-ს ევროპული სარდლობის მეთაურმა, ადმირალმა ჯეიმს სტავრიდისმა თბილისში ორდღიანი ვიზიტის ფარგლებში პრეზიდენტ სააკაშვილთან და თავდაცვის მინისტრთან ბაჩო ახალაისთან 25 აგვისტოს გამართულ შეხვედრებზე ავღანეთის ოპერაციაში საქართველოს მონაწილეობის საკითხი განიხილა.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, ამერიკელმა ადმირალმა მიხეილ სააკაშვილს ქართველი ჯარისკაცების „განსაკუთრებული სიმამაცისა და თავდადებისთვის პირადად გადაუხადა მადლობა“. შეხვედრაზე ასევე განხილულ იქნა ნატო–საქართველოს სამომავლო ურთიერთობები.

საქართველომ, რომელსაც უკვე გაგზავნილი ჰყავს 900–ზე მეტი სამხედრო ავღანეთში, ივნისში განაცხადა, რომ მომავალ წელს საერთაშორისო უსაფრთხოების უზრუნველყოფის ძალების (ISAF) ოპერაციაში დამატებითი ბატალიონის გაგზავნას გეგმავს. 9 ქართველი ჯარისკაცი დაიღუპა მას შემდეგ, რაც ნატოს ეგიდით მიმდინარე ოპერაციას საქართველო 2009 წლის ნოემბრიდან შეუერთდა.

“ჩვენ გვქონდა საუბარი ISAF–ის ოპერაციაზე, რა თქმა უნდა, ჩვენს მონაწილეობაზე ამ ოპერაციაში. მოგეხსენებათ, რომ საქართველო არის არა მხოლოდ ერთ–ერთი უდიდესი, არამედ ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი წარმომადგენელი ამ ოპერაციის და გენერალ სტავრიდისთან სწორედ ამ საკითხებზე გვქონდა საუბარი“, – განუცხადა ჟურნალისტებს ბაჩო ახალაიამ შეხვედრის შემდეგ.

 

This post is also available in: English Русский

Back to top button