
თბილისის თქმით, რუსეთი დაძაბულობის შექმნას ცდილობს
რუსეთის მიერ აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის აღიარების სამი წლის თავზე „მასშტაბური პროვოკაციის“ მომზადებასთან დაკავშირებით გამოთქმული ბრალდების საპასუხოდ, თბილისმა მოსკოვი რეგიონში სიტუაციის დაძაბვაში დაადანაშაულა, „რაც ქმნის საფუძველს შესაძლო პროვოკაციებისათვის“.
„ჩვენ უკვე შევეჩვიეთ ამგვარ უსაფუძვლო ბრალდებებს და სერიოზულად აღარც აღვიქვამთ მათ. ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის რეაქციაც ადასტურებს იმას, რომ საერთაშორისო თანამეგობრობაც აღარ აღიქვამს ამგვარ განცხადებებს სერიოზულად“, – ნათქვამია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ 24 აგვისტოს გავრცელებულ განცხადებაში.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გუშინ განაცხადა, რომ თბილისი 26 აგვისტოს სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციულ საზღვართან „მშვიდობის მარშს“ გეგმავს, რაც „რეგიონში ისედაც მყიფე სიტუაციის დესტაბილიზაციის საფრთხეს შეიცავს“.
საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიამ განაცხადა, რომ მას ჰქონდა ინფორმაცია ამ ბრალდებების შესახებ და ეს ინფორმაცია საქართველოს ხელისუფლებასთან გადაამოწმა, რომელმაც ეს უარყო.
კითხვაზე შეამჩნიეს თუ არა ადგილზე ევროპელმა დამკვირვებლებმა სავარაუდო ღონისძიებისთვის მზადების რაიმე ნიშნები, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენელმა სტივ ბერდმა განუცხადა Civil.ge–ს 23 აგვისტოს: „ჩვენ არაფერი შეგვიმჩნევია“.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ ასევე განაცხადა 24 აგვისტოს: „ძალზე საგანგაშოა, რომ რუსეთის ფედერაცია ამზადებს ფონს შემდგომი პროვოკაციებისა და რეგიონში არსებული ისედაც რთული სიტუაციის ესკალაციისათვის“.
„ამგვარი საბჭოური სტილის პროპაგანდა მიზანმიმართულია რეგიონში სიტუაციის დაძაბვისაკენ, რაც ქმნის საფუძველს შესაძლო პროვოკაციებისათვის“, – ნათქვამია განცხადებაში.
„ჩვენ განვაგრძობთ მოვლენების განვითარების ყურადღებით დაკვირვებას, ვინაიდან ზუსტად არ ვიცით, თუ როგორი აგრესიული განზრახვები იმალება ამ განცხადების მიღმა“, – განაცხადა საგარეო უწყებამ.