ახალი ამბები

მოსკოვი თბილისს ‘მასშტაბური პროვოკაციის’ მზადებაში ადანაშაულებს

მოსკოვმა თბილისი 26 აგვისტოს, რუსეთის მიერ ორი სეპარატისტული რეგიონის აღიარების სამ წლისთავზე, სეპარატისტული სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციულ საზღვარზე „მაშტაბური პროვოკაციის“ მომზადებაში დაადანაშაულა, 

23 აგვისტოს გავრცელებულ განცხადებაში რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ საქართველოს ხელისუფლება „მშვიდობის მარშის“ სახელით აქციის გამართვას გეგმავს, რომლის დროსაც წეროვანის დასახლებაში მცხოვრები დაახლოებით 3,000 დევნილი, ასევე ახმეტის რაიონში მცხოვრები ჩეჩენი ლტოლვილები სოფელ ოძისიდან ახალგორის რაიონში მდებარე სასაზღვრო პუნქტისკენ დაიძრებიან.

„ამ აქციის სცენარი ითვალისწინებს სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე მასობრივი უკანონო გადასვლის მცდელობას დევნილთა საკუთარ სახლებში დაბრუნების ლოზუნგით“, – განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ.

ინფორმაცია სავარაუდოდ დაგეგმილი ღონისძიების შესახებ პირველად 30 ივლისს სეპარატისტული სამხრეთ ოსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა. გასულ კვირას სეპარატისტული რეგიონის ხელისუფლებამ კვლავ წამოწია საკითხი და ამის თაობაზე საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას აცნობა; მაგრამ ამ უკანასკნელმა განაცხადა, რომ ეს ინფორმაცია საქართველოს ხელისუფლებასთან გადაამოწმა, რომელმაც უარყო იგი.

კითხვაზე შეამჩნიეს თუ არა ადგილზე მისიის დამკვირვებლებმა სავარაუდო ღონისძიებისთვის მზადების რაიმე ნიშნები, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენელმა სტივ ბერდმა განუცხადა Civil.ge–ს 23 აგვისტოს: „ჩვენ არაფერი შეგვიმჩნევია“.

23 აგვისტოს გავრცელებულ განცხადებაში რუსეთის საგარეო უწყებამ ასევე განაცხადა: „თბილისის ახალი უპასუხისმგებლო და პროვოკაციული განზრახვა უკიდურესად სახიფათოა“.

„იგი რეგიონში ისედაც მყიფე სიტუაციის დესტაბილიზაციის საფრთხეს შეიცავს“, განაცხადა მან. „ამას გარდა, განსაკუთრებით შემაშფოთებელია „მშვიდობის მარშის“ ორგანიზატორთა ცინიზმი, რაც ადასტურებს, რომ დევნილთა ბედი, რომელთა ინტერესებიც ქართველ მმართველებს ვითომდა ძალიან აღელვებთ – სხვა არაფერია, თუ არა ხურდა ფული მათ პოლიტიკურ თამაშებში“. 

„კატეგორიულად ვაფრთხილებთ ქართულ მხარეს რეგიონში ახალი ავანტიურის განხორციელების მცდელობის წინააღმდეგ. ვიმედოვნებთ, რომ შესაბამისი ერთმნიშვნელოვანი სიგნალები თბილისის მისამართით საერთაშორისო თანამეგობრობის სხვა წევრებისგანაც წამოვა“, – ნათქვამია განცხადებაში.    

 

Back to top button