ახალი ამბები

ავტოავარიის შედეგად შამბა მსუბუქად დაშავდა

სეპარატისტულ აფხაზეთში 26 აგვისტოს დაგეგმილი საპრეზიდენტო არჩევნების ერთ–ერთი კანდიდატი, სერგეი შამბა შაბათს მომხდარი ავტოავარიის შედეგად მსუბუქად დაშავდა.

შამბა მსუბუქი დაზიანებებით გაგრის საავადმყოფოში გადაიყვანეს, საიდანაც დაახლოებით ერთ საათში სახლში გაწერეს.

ავტოსაგზაო შემთხვევა გაგრის მახლობლად ადგილობრივი დროით დაახლოებით 1:30 საათზე მოხდა, როდესაც შამბა ბიჭვინთაში (პიცუნდა) მიემგზავრებოდა ამომრჩევლებთან შესახვედრად.

შამბას საარჩევნი შტაბის წარმომადგენელმა ბესლან ბუთბამ, რომელიც შამბას ახლდა, განუცხადა რადიო „თავისუფლების“ რუსულენოვან სამსახურს „ეხო კავკაზას“ ინციდენტიდან დაახლოებით ერთ საათში, რომ ეს ავტოსაგზაო შემთხვევა იყო. მან თავდასხმის შესაძლებლობა გამორიცხა.

მისი თქმით, შამბას ესკორტის ერთ–ერთი მანქანა იმ მანქანას შეეჯახა, რომელშიც შამბა იჯდა, რის შედეგადაც ამ უკანასკნელის მანქანა ღობეს შეეჯახა. გავრცელებული ინფორმაციით, ასევე მსუბიქად დაშავდა შამბას დაცვის წევრი.

შაბათს მოგვიანებით შამბას საარჩევნო შტაბმა განსხვავებული წერილობითი განცხადება გამოაქვეყნა, სადაც საერთოდ არ იყო ნახსენები ესკორტის ავტომანქანა.

„შამბას ესკორტი 70კმ/ს სიჩქარით მოძრაობდა პიცუნდის მიმართულებით… არსებული ინფორმაციით, ავარიული სიტუაცია შემხვედრმა ავტომანქანამ შექმნა , რის შედეგადაც მოხდა შეჯახება და ის ავტომობილი, რომელშიც შამბა იმყოფებოდა, თხრილში გადავარდა“, – იტყობინება „აფსნიპრესი“ შამბას საარჩევნო შტაბის განცხადებაზე დაყრდნობით.

„მივმართავთ გენერალურ პროკურატურას და შსს–ს მომხდარის სრული გამოძიება აწარმოოს“, – ნათქვამია განცხადებაში.

„აფნსიპრესის“ ინფორმაციით, სამ საპრეზიდენტო კანდიდატს შორის შაბათს საღამოს დაგეგმილი ტელედებატები „გაუქმდა“. 

 

მსგავსი/Related

Back to top button